“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და სასტარტო 19 შეხვედრიდან ცხრამეტივე მოიგო. “ოქროს შტატელებმა” გამთენიისას გასვლით მატჩში “იუტა ჯაზს” 106:103 აჯობეს. გუნდს 26 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა.
“გოლდენ სტეიტმა” წინა რეგულარული სეზონის ბოლო 4 მოგებული მატჩის ჩათვლით ზედიზედ 23 შეხვედრაში იმარჯვა, რაც ნბა-ში მესამე შედეგია. 2012-13 წლების სეზონში “მაიამიმ” ზედიზედ 27 შეხვედრა მოიგო, ხოლო ლიგის საუკეთესო შედეგი 1971/72 წლების “ლეიკერსს” ეკუთვნის (33 ზედიზედ მოგებული შეხვედრა).
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონამდე ნბა-ს რეკორდი 1994-95 წლების “ჰიუსტონ როკეტსს” და 1948/49 სეზონის “ვაშინგტონ კაპიტოლსს” ეკუთვნოდა, რომლებსაც სასტარტო 15 შეხვედრიდან თხუთმეტივე მოგებული ჰქონდათ, თუმცა წლევანდელმა “გოლდენ სტეიტმა” ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.
ოკლენდელები მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე “შარლოტ ჰორნეტსს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 3 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.