ფეხბურთი

23:24 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: გელაშვილმა გაიტანა, თარგამაძემ გაატანინა

კვიპროსზე ერთი ქართული გოლი გავიდა. “პაფოსის” ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა “ერმისს” სტუმრად გაუტანა, თუმცა მისმა გუნდმა 1:2 წააგო. როგორც იცით, “პაფოსში” ხუთი ქართველია და მათგან ლევან ხმალაძის გარდა ყველამ ითამაშა. როინ კვასხვაძემ და გია გრიგალავამ შეუცვლელად, გელაშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი 75-ეზე შევიდა მინდორზე.

“პაფოსი” ბოლოდან მეოთხე საფეხურზეა და აქვე, გელაშვილის სტატისტიკაც: 10 მატჩი, 3 გოლი.

გერმანიის მესამე ლიგაში გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა. “ვერდერის” 23-წლამდელებმა სტუმრად 2:0 სძლიეს “შტუტგარტერ კიკერსს”. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. მან გაფრთხილებაც მიიღო.

ბელგიაში “გენკმა” შინ 0:1 წააგო ლიდერ “გენტთან” და მეექვსე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია, ხოლო ლუკა ზარანდია განაცხადში არ გახლდათ.

რუსულ პრემიერლიგაში “კრილიამ” შინ 0:0 დაასრულა მატჩი “ამკართან” და მეათე ადგილზეა. “კრილიას” მეკარე გიორგი ლორიამ ზედიზედ ორი მშრალი მატჩი ჩაატარა, ეს კი კარგი ნაბიჯია პირველმეკარეობისკენ. მანამდე ლორიას სათადარიგოებში უწევდა ყოფნა.

“ტერეკმა” 4:1 აჯობა “ზენიტს”, თუმცა თედო გრიგალაშვილი ამჯერადაც სათადარიგოებში იყო. “ტერეკი” მეხუთე ადგილზეა.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” 2:1 მოუგო “სტალს” და მესამე ადგილზეა: მხოლოდ “შახტარსა” და კიევის ‘დინამოს” ჩამორჩება. ლიპარტია 52-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა მისი გუნდი აგებდა. ლიპარტიამ თამაშში ჩართვიდან ორ წუთში ძელს მოარტყა ბურთი.

ლვოვის “კარპატიმ” 4:1 სძლია დონეცკის “ოლიმპიკს”. სამმა ქართველმა ითამაშა, თუმცა სამივე მათგანს უკრაინული პასპორტი აქვს: მასპინძელთა ამბროსი ჩაჩუასა და სტუმართა თემურ ფარცვანიასა და მეკარე ზაურ მახარაძეს. ჩაჩუამ გოლი გაიტანა. მახარაძემ კი მხოლოდ 12 წუთი ითამაშა – დასაწყისშივე გააძევეს. კარპატელთა საყრდენი ბუბა დაუშვილი დისკვალიფიცირებულია.

კარგი მატჩი ჩაატარა დავით თარგამაძემ. მისმა “ოლექსანდრიამ” “მეტალისტს” 2:0 მოუგო და მეათე ადგილზეა. თარგამაძემ საგოლე პასიც გაახერხა და ასევე, სტუმართა ფეხბურთელს “აჰკიდა” მეორე ყვითელი ბარათი. დავითს თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცემ” შინ 1:3 წააგო “რუჟიმბეროკთან” და ბოლოდან მესამე ადგილზეა. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა. D

ბაჩანა ცხადაძისა და გიორგი ფოფხაძის “ფლამურტარიმ” სტუმრად 0:4 წააგო “ვლაჟნიასთან”. “ფლამურტარი” ალბანეთის 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მეშვიდეზეა.

და ბოლოს, ლევან ყენიაზეც: მან ბოლო 12 წუთი ითამაშა “სლავია”-“პრიბრამის” შეხვედრაში (2:1). ლევანი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა და მინდორს დაუბრუნდა. “სლავია” მეხუთე ადგილზეა.

0.127199