დუდა სანაძის მორიგი გაბრწყინება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. „სან დიეგო ტორეროსის“ ქართველმა უკანახაზელმა 2 დღის წინ „ლოიოლას“ 20 ქულა ჩაუგდო, დღეს კი ეს შედეგი გააუმჯობესა და „სან ხოსე სტეიტთან“ 21 ქულა მიითვალა.
სანაძის შედეგიან თამაშს გარკვეულწილად „სან დიეგოს“ წაგებები ჩრდილავს. კალიფორნიელებს წელს რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდათ, სათანადო შევსება კი ვერ მიიღეს და როგორც ჩანს, ამ სეზონში ძალიან გაუჭირდებათ. სანამ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის მატჩები დაიწყებოდეს, ამხანაგური შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც საერთო რეიტინგში კი ითვლება, თუმცა კონფერენციისაზე გავლენას არ ახდენს.
რიგით მე-5 არასაკონფერენციო შეხვედრა სანდიეგოელებმა წინა 4-ის მსგავსად წააგეს. პირველი ტაიმის ფრედ - 38:38 დასრულების შემდეგ სანხოსელებმა მეორეში იძალეს და საბოლოოდ 76:67 იმარჯვეს. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. დუდა 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა და ამას 4 მოხსნა და 1 პასიც მოაყოლა. ქართველის კვალზე „სან დიეგოში“ 10 ქულით ბრეტ ბეილი გამოირჩა.
მორიგ მატჩს „სან დიეგო“ მისსავით 5-დან 5 წაგების მქონე „დრექსელთან“ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 29 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე დაიწყება. აქვე აღვნიშნოთ, რომ სანაძე სანდიეგოელებს ქულებში (11 ქულა საშუალოდ) და მოხსნებში (4,5) ლიდერობს.
www.gbf.ge