ევროლიგის მე-7 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” გერმანულ “ბროზე ბასკეტსს” დაუხვდა და მწირქულიან მატჩში 54:65 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, როგორც პირადად მას, ასევე სრულად სტამბოლურ კლუბსაც წარმატებული დღე ნამდვილად არ ჰქონიათ.
მანუჩარმა მოედანზე მხოლოდ 15:11 წუთი დაჰყო, სათადარიგოთა სკამზე კი მე-5 პერსონალური ფოლის მიღების გამო გადაინაცვლა.
აღნიშნულ დროში მარკოიშვილმა ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა და ორ ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება წაამატა.
აღსანიშნავია, რომ “დარუშაფაკა” მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო და მხოლოდ 13 ორქულიანის ჩაგდება მოახერხა, ამდენად, მარცხი გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.
თურქულ კლუბს 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის D ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას იძლევა.
“დარუშაფაკა” მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს, ისევ შინ, ესპანური “უნიკახას” წინააღმდეგ ელის. მალაგელებს 6 მოგება და 1 მარცხი აქვთ და ჯგუფს მოსკოვის ცსკა-სთან ერთად ლიდერობენ.