საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავისთან უხმობს და მზადაა იმაზე მეტი გასამრჯელო გადაუხადოს, ვიდრე ახლა “რეალში” იღებს. პსჟ პორტუგალიელ თავდამსხმელს სეზონში 19.5 მილიონ ევროს ჰპირდება, ხოლო მადრიდში მისი ამჟამინდელი ხელფასი “მხოლოდ” 17 მილიონს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ თუ რონალდუ პარიზელების შეთავაზებას დასთანხმდა, იგი ამ გუნდში ყველაზე მაღალანაზრაურებადი ფეხბურთელი იქნება. ასეთი გასამრჯელო პსჟ-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც არ აქვს.
ბოლო დროს რონალდუსა და “რეალის” თავკაც რაფაელ ბენიტესს შორის არცთუ კარგი ურთიერთობის შესახებ ხშირად საუბრობენ და კრიშტიანუს მადრიდული მომავალიც ბურუსითაა მოცული.