ფეხბურთი

17:12 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე "რეალთან" დამარცხდა, თუმცა საგოლე პასს გამორჩა

გიორგი არაბიძემ დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

ტრადიციულად აქტიურად გაისარჯა 17 წლის ქართველი – პირველ ტაიმში მისი დარტყმული საჯარიმო მცირედით ასცდა ზინედინ ზიდანის ვაჟის, ლუკას კარს. ტაიმის მიწურულს კი გიორგი კიდევ ორჯერ ცდილობდა ესპანელთა დამწუხრებას. ჯერ 36-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა და მცველთან კონტაქტის შემდეგ დაეცა, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა. არბიტრი კი ქართველი ლაშა სილაგავა გახლდათ. ზედ ტაიმის ბოლო წუთზე კი ზიდანმა არაბიძის ძლიერი დარტყმულის უკუგდება მოახერხა.

“შახტარის” მე-7 ნომერს ურიგოდ არც მეორე ტაიმი ჩაუტარებია. ჯერ მეტოქეს ყვითელი ბარათი აკიდა და დანიშნული სტანდარტი თვითონვე სახიფათოდ შეასრულა, ხოლო 73-ე წუთზე თანაგუნდელ ბორიაჩუკს ბურთი საჯარიმოში შეაყოლა (VIDEO) და მასაც გატანა არ გასჭირვებია, რითაც დონბასელებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს (2:3). თუმცა, დარჩენილ დროში უკრაინელებმა ვეღარ გაძლეს, კიდევ სამი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ 2:6 დამარცხდნენ. “შახტარს” 5 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

0.154309