თბილისის “დინამო” აგებდა, მაგრამ 3:1 მოიგო და ისევ სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლიც ლოგიკური იყო, თუმცა ზედ შესვენების წინ დინამოელებმა ორჯერ გაიტანეს, ერთი კი მეორე ტაიმში დაამატეს.
გიორგი დათუნაიშვილს შეეძლო სამტრედიელთა დაწინაურება, მაგრამ მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ ითამაშა კარგად. რამდენიმე წუთში ჰრდლიჩკამ უკვე დავით რაჟამაშვილის ახლო კუთხეში დარტყმული მოიგერია, თუმცა დინამოელებსაც შეეძლოთ გატანა, როცა ოთარ კაკაბაძის დარტყმული გაბრიელ თებიძემ მოუგერია.
32-ე წუთი იყო, როცა ბუდუ ზივზივაძემ მარჯვნიდან გაკეთებული პასის შემდეგ დაბალ კუთხეში დაარტყა. ჰრდლიჩკამ რეაგირება შესძლო, თუმცა გოლი მაინც გავიდა – 0:1 სტუმართა სასარგებლოდ. რამდენიმე წუთი ძალიან სწრაფი თამაში ვიხილეთ და დინამოელებმა იმ დროს იმარჯვეს, როცა ტაიმი სრულდებოდა. სამტრედიელთა მცველმა ბურთი ვერ მოიგერია და კარიდან დაახლოებით 10 მეტრში მდგომმა ჯიბა ჯიღაურმა ზუსტი დარტყმით შანსი არ დაუტოვა თებიძეს – 1:1. და სანამ გუნდები გასახდელში შევიდნენ, ალექსანდრე იაშვილის ჩაწოდებულ საჯარიმოს დინამოელი გიორგი გურულის ზუსტი თავური მოჰყვა. 2:1 და “დინამო” მოგებულის რანგში გამოვიდა მეორე ტაიმში.
52-ე წუთზე საკვანძო მომენტი ვნახეთ. სამტრედიელთა შემტევმა თემურ მარკოზაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ხარიხას გაარტყა ბურთი. ეს რომ გასულიყო, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. რამდენიმე წუთში კი დინამოელმა ჯიღაურმა დუბლი შეასრულა: საჯარიმოში მიიღო ბურთი და ცაციით ჩაახვია მეკარისგან შორეულ კუთხეში.
დარჩნილ დროში ყველაზე კარგი მომენტები ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ოთარ კაკაბაძეს ჰქონდათ, თუმცა პირისპირ გასვლისას ოდნავ ააცილეს. დინამოელები კარგად ანვითარებდნენ კონტრშეტევებს, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ.
ჯიღაურის შედეგიანობა მართლაც აღსანიშნავია, საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს დინამოელთა ნახევარმცველს – უკვე 8 ბურთი მოუგროვდა. თან ზედიზედ ორი დუბლი ცოტას არ ნიშნავს.
21 ნოემბერი. 16:00. თბილისი. “დინამო არენა”
“დინამო” (თბილისი) – “სამტრედია” 3:1 (2:1) VIDEO
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, გიორგი გურული, თევზაძე (გველესიანი 33), ჯიღაური, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი (კიტეიშვილი 62), ქვილითაია (საბა ლობჟანიძე 86)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სამტრედია: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე (სიხარულიძე 46), ენდელაძე, რაჟამაშვილი, ზივზივაძე, მარკოზაშვილი (ჯიქია 65)
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გოლები: 0:1 ზივზივაძე (32), 1:1 ჯიღაური (43), 2:1 გურული (45), 3:1 ჯიღაური (61)
გაფრთხილება: თევზაძე (5), ენდელაძე (22), პარუნაშვილი (30), რენე (55)
მსაჯი: ფარუჯა (მალტა)
ტურის სხვა მატჩები:
“ჩიხურა” – “გურია” 5:0 (1:0)
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (27), 2:0 მუმლაძე (60), 3:0 სარდალიშვილი (68), 4:0 მუმლაძე (85), 5:0 ჭანკოტაძე (88 პენ)
“დინამო” (ბათუმი) – “საპოვნელა” 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 თევდორაძე (16)
“კოლხეთი” – “მერანი” 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 გოგოლიძე (64), 1:1 ნიკა სიჭინავა (89), 2:1 კუხალეიშვილი (90)
“დილა” – “ლოკომოტივი” 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მაშუკოვი (6)
“ტორპედო”- “შუქურა” 0:0
ხვალ გაიმართება: “საბურთალო”-“ზუგდიდი”, “ცხინვალი”-“სიონი”
“დინამო”, “დილა” და “სიონი” გამოიკვეთნენ სამეულში. აღსანიშნავია ფოთის “კოლხეთის” გამარჯვება ლანჩხუთში. ფოთელები აგებდნენ “მერანთან”, მაგრამ აუტსაიდერებს ბოლო წუთებში ორი გოლი გაუტანეს და ცხრილის შუაში დაიდეს ბინა. გორელებმა ბრძოლაში აჯობეს “ლოკომოტივს”, რომელსაც ამ ტურამდე მოგებათა სერია ჰქონდა. “დილას” ერთადერთი გოლი მაშუკოვის ანგარიშზეა.
“ჩიხურამ” კი 5:0 გაანადგურა “გურია” და ეს იყო ჯერჯერობით, ტურის ერთადერთი მატჩი, რომელშიც ერთ გუნდს აშკარა უპირატესობა ჰქონდა. “ჩიხურა” ბოლო ტურებში კარგად გამოიყურება და მეხუთე ადგილზეა.