სხვა

14:00 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსს ვერ გადაურჩა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა სასწაულის მოხდენა ვერ შესძლო და ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, მარცხი განიცადა, რის გამოც წოდებაში დაწინაურებას ვეღარ მოახერხებს.

აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტულის მქონე ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოისთან გაიფორმა. ქართველმა სეკიტორმა შიტატენაგეთი წააგო და 6 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა.

ფუკუოკას სუპერტურნირის დასკვნით დღეს, პირველად კარიერაში, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კიოკუშუჰოს გაეჯიბრება და თუკი მოიგო, მინიმალურ უარყოფით ბალანსზე გავა.

მას შემდეგ, რაც კაჩი-კოში გაიფორმა, ზედიზედ მე-3 მარცხი შეემთხვა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა კაისეისთან (ბრაზილია) იორიკირით წააგო.

გაგამარუს 8 მოგების წილ მე-6 მარცხი მოუგროვდა, კიუშიუ ბაშოს უკანასკნელ დღეს კი ძალებს დასავლეთის მე-5 მაეგაშირა სადანოუმისთან მოსინჯავს. ურთიერთშეხვედრებში ქართველი მასთან 0:2 მარცხდება.

ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი იქცა, რომელმაც მე-13 გამარჯვება (ოშიდაშით) იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა. ჰარუმაფუჯიმ თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰოს მცირე ჩავარდნით ისარგებლად, რომელსაც ზედიზედ 12 მოგების შემდეგ, მიჯრით 2 მარცხი შეემთხვა.

“თეთრმა ფენიქსმა” ამჯერად ოძეკი ტერუნოფუჯისთან წააგო იორიკირით, რისი წყალობითაც ამ უკანასკნელმა კაჩი-კოში გაიფორმა და წოდებაში დაქვეითებას გადაურჩა. დასკვნით დღეს ჰარუმაფუჯი ოძეკი კისენოსატოს გაეჯიბრება, ხოლო ჰაკუჰო კაკურიუს პირისპირ დადგება.

საინტერესოა, რომ კიუშიუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს, სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, ტურნირს ერთბაშად 3 სუმოისტი გამოეთიშა: ოძეკი კოტოშოგიკუ, დასავლეთის პირველი მაეგაშირა ოსუნარააში და აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტოიონოშიმა.

დასასრულ, ერთი სამწუხარო ინფორმაციაც. 63 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონიის სუმოს ასოციაციის პრეზიდენტი ოიაკატა კიტანოუმი. სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა.

კიტანოუმი 1953 წლის 16 მაისს ჰოკაიდოში დაიბადა და პროფესიულ სუმოში 13 წლის ასაკში შეაბიჯა, 21 წლისამ კი იოკოძუნას პრესტიჟული ტიტული მიიღო. რიგით 55-ე იოკოძუნამ კარიერის განმავლობაში 24 ბაშო მოიგო, იაპონიის სუმოს ასოციაციას კი 2002-2008 წლებში და 2012 წლიდან თავკაცობდა.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დროებითი თავკაცის მოვალეობას ოიაკატა ჰაკაკუ შეასრულებს.

ნოემბრის ბაშოს მე-14 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 2:06-დან, ტოჩინოშინის - 6:50-დან

0.118166