ვეტერანი კალათბურთელის პაატა გურასპაულისა და მისი მეგობრების თაოსნობით თბილისში , რესტორან ,,შატროში“ ბინა დაიდო ესპანეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სასპორტო კლუბის ,,ბარსელონას“ ფან-კლუბმა, რომლის პრეზიდენტიც კახა ჩიქოვანია.
კლუბის გახსნას ვეტერან სპორტსმენებსა და ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოების სხვა ცნობადი სახეებიც ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, კლუბის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეთა შორის ,,ბარსელონას“ გულშემატკივრები სჭარბობდნენ, თუმცა მოწვეულ სტუმართა შორის ,,ბარსელონას“ ,,დაუძინებელი მტრის“ ,,რეალის“ ფანებიც იმყოფებოდნენ.
კლუბის გახსნის ცერემონიაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა პაატა გურასპაულმა: ,, მე და ჩემი მეგობრები ბავშვობიდანვე ჩართული ვართ იმ პროცესში, რასაც სპორტის გულშემატკივრობა ჰქვია. ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს მე და ჩემი მეგობრები პანტიანში დავდიოდით საზღვარგარეთის კლუბების თამაშების სანახავად. მსოფლიოს სხვა ცნობილ კლუბებთან ერთად მე და ჩემმა მეგობრებმა პირველად მაშინ ვნახეთ ,,ბარსელონას“ თამაში და ბოლომდე მის გულშემატკივრებად დავრჩით. ამიტომაც გადავწყვიტეთ თბილისში ,,ბარსას“ ფან-კლუბის გახსნა. ჩვენი გეგმა გავაცანით ,,ბარსელონას“ ხელმძღვანელობას , რომელმაც თანხმობა გამოთქვა. დასახული მიზნის განხორციელებაში დიდი დახმარება გაგვიწია ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს კონსულმა ბექა ზარანდიამ. იგი კლუბის აქტიური წევრია, მაგრამ საპატიო მიზეზების გამო ახლა თბილისში არ იმყოფება და კლუბის გახსნასაც ამიტომ ვერ ესწრება. კლუბს აქვს თავისი ლოგო, გვაქვს ჩვენი ადგილი ,,კამპ ნოუზე“. ,,ბარსას“ ფან-კლუბის გახსნაში ასევე დიდი დახმარება გაგვიწია რესტორან ,,შატროს“ ხელმძღვანელობამ, რომელმაც გაიზიარა ჩვენი იდეები და საკუთარი დარბაზი ,,ბარსას“ თამაშების ტრანსლირებას დაუთმო. ისე მოხდა, რომ პირველი თამაში, რომლის ჩვენებაც მოგვიწევს, ელ კლასიკოდ წოდებული ,,რეალი“- ,,ბარსას“ მატჩი იქნება. ,,ბარსას“ კლუბის გეგმას მარტო ფეხბურთის მატჩების ჩვენება არა წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთის გარდა, ,,ბარსელონას“ ჰყავს კალათბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და სხვა სათამაშო სახეობების გუნდებიც. მატჩების ჩვენების გარდა, დაგეგმილი გვაქვს ცნობილი ვეტერანი სპორტსმენებისათვის საზეიმო საღამოების მოწყობა...“
პაატა გურასპაულის გარდა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ:
ბიძინა ბარათაშვილი ( სპორტული ჟურნალისტი, კომპანია ,,სილქ-მედიას“ პროდუსერი): ,,ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ,,ბარსელონას“ ფან-კლუბის გახსნით კარგი საქმე გაკეთდა. თავისუფალ დროს ვაპირებ აქ სიარულს თამაშების სანახავად...“
გია ნიჟარაძე ( საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი): ,, ამ კლუბს დიდ წარმატებას ვუსურვებ.დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გამორჩეული გახდება არამარტო ,,ბარსელონას“ , არამედ სხვა კლუბების გულშემატკივრებისთვისაც“.
ოთარ ტატიშვილი ( ექიმი, ტელეწამყვანი, შოუმენი....) : ,, მე , როგორც ,,ბარსელონას“ ფანი და ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელის დიეგო ფორლანის დიდი გულშემატკივარი, ვოცნებობდი იგი ,,ბარსაში“ მეხილა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. დღემდე ჩემთვის გულისტკივილად რჩება ის ფაქტი, რომ ,,ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ვერ შეინარჩუნა ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიც დიეგო მარადონაა. სიხარულს ვერ ვმალავ იმ ფაქტით, რომ თბილისში ,,ბარსას“ ფან-კლუბი გაიხსნა.,,ბარსას“ ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას...“
კლუბის პრეზიდენტის კახა ჩიქოვანის განცხადებით, ზუსტდება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ,,ბარსას“ გულშემატკივართა კლუბში გაერთიანების წესები.