სხვა

14:15 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ფუკუოკას სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად გამალებით იბრძვის.

ტოჩინოშინს 10 დღის თავზე 7 მარცხი ჰქონდა და წაფორხილების უფლება აღარ გააჩნდა. სწორედ ამის შემდეგ, ქართველმა სეკიტორმა მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა. კომუსუბის წოდების მქონე ტოჩინოშინი ამჯერად აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოიონოშიმას გაეჯიბრა და იორიკირით სძლია, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ გორგაძე სეკივაკეს ტიტულის მოსაგებად იბრძვის, რისთვისაც თვალი კონკურენტთა შედეგებსაც უნდა მიადევნოს. ამ დროისთვის გარკვეული მხოლოდ სეკივაკე მიოგირიუს საქმეა, რომელსაც 11 მარცხი მოუგროვდა და სერიოზულ დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

კაჩი-კოშის მიუახლოვდა სეკივაკე ტოჩიოძანი, რომელმაც მე-7 მოგება დასავლეთის პირველ მაეგაშირა ოსუნაარაშისთან ოშიდაშით გაიფორმა და ეგვიპტელი უარყოფითი ბალანსისთვის გასწირა, თანაც მას ტრავმა მიაყენა. ასეთივე მონაგარი აქვს კომუსუბი იოშიკაძესაც.

კიუშიუ ბაშოს ბოლოსწინა მე-14 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იკიოის გაიჯიბრება, რომელსაც ზურგს 10 გამარჯვება უმაგრებს. ქართველი მომავალ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს.

8 მოგების წილ მე-5 მარცხი განიცადა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოტაირიუსთან იორიკირით წააგო.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუს კაჩი-კოში უკვე დაბევებული აქვს, მომდევნო ბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა კაისეისთან (ბრაზილია) ჩაატარებს. ჯერჯერობით, გაგამარუ მას 6:4-ს უგებს.

ფუკუოკას სუპერტურნირის მე-13 დღის მთავარ მოვლენად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს პირველი მარცხი იქცა. მან თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან იორიტაოშით წააგო. ახლა, მონღოლების აქტივში 12-12 მოგებაა.

ნოემბრის ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 0:26-დან, ტოჩინოშინის – 7:42-დან

0.106444