ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირის მე-10 დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ მე-7 გამარჯვება იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად 1 მოგებაც ეყოფა.
ქართველმა სეკიტორმა, რომელიც კიუშიუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მორიგ წარმატებას აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა კიტატაიკისთან მიაღწია. გაგამარუმ იაპონელს, რომელიც კიტანოუმის სკოლაში მისი თანაგუნდელი გახლდათ, იორიკირით სძლია.
ჯუღელს მიზნის მიღწევა მომდევნო ორთაბრძოლაშივე შეეძლება, როდესაც აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიეიშოს გაეჯიბრება. გაგამარუ იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.
სამწუხაროდ, კარგად ვერ მიდის ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის საქმეები, რომელმაც 3 მოგების წილ მე-7 მარცხი განიცადა და უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) 1 წაგებაღა აშორებს.
აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა იჩინოჯოსთან იორიკირით წააგო, არადა, მანამდე ის 8-დან შვიდ შერკინებაში ჰყავდა დამარცხებული.
ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ხუთივე ბრძოლის მოგება სჭირდება, რაც ურთულესი გასაკეთებელი იქნება. ლევანის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკი იქნება, რომელსაც 6 მარცხი აქვს და მაკე-კოშისთან ასევე ახლოსაა. ლევანი მასთან ურთიერთშეხვედრებში 8:9 მარცხდება.
ნოემბრის სუპერტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც ზედიზედ მე-10 გამარჯვება სეკივაკე ტოჩიოძანთან იზეიმა. თანამემამულეს 1 მოგებით ჩამორჩება იკოძუნა ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატოს და რიგით მაეგაშირებს – ტაკაიასუს და შოჰოძანს კი ორ-ორი მარცხი მოუგროვდათ.