ჭიდაობა

13:42 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჩიდრაშვილი და დავით ლორიაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

მაროკოს ქალაქ კასაბალანკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონები 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვახტანგ ჩიდრაშვილი და 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ლორიაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (მძიმე) დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100), შორენა შარაძე (60 კგ), ირინე ლეონიძე (80 კგ) და გახდნენ.

ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლებში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი აკმალიდინ კარიმოვი დაამარცხა, დავით ლორიაშვილმა კი რუსეთის წარმომადგენელ დიმიტრი ელისეევს სძლია. ფინალში რუსი მოწინააღმდეგები ყავდათ ნინო ოძელაშვილსა და ელენე ქებაძეს. ოძელაშვილმა შეხვედრა ოლგა ზახარცოვასთან დათმო, ქებაძემ კი – ანა ბალაშოვასთან.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა, 2015 წელს კი მან, ისევე, როგორც დავით ლორიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზეც იპირველა და დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა კაცთა შორის გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მესამე კი – ბელარუსმა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის მიერ მომზადებული გუნდი სულ 13 სპორტსმენით წარსდგა. ქართველი სამბისტები მაროკოდან თბილისში 17 ნოემბერს, სამშაბათს, გამთენიისას, 04:30 წუთზე ჩამოფრინდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. მაროკო, კასაბლანკა

კაცები

57 კგ. ვახტანგ ჩიდრაშვილი – ოქრო

100 კგ. დავით ლორიაშვილი – ოქრო

68 კგ. ლევან ნახუცრიშვილი – ბრინჯაო

74 კგ. ბესარიონ ბერულავა – ბრინჯაო

+100. ბექა ბერძენიშვილი – ბრინჯაო

ქალები

68 კგ. ნინო ოძელაშვილი – ვერცხლი

+80 კგ. ელენე ქებაძე – ვერცხლი

60 კგ. შორენა შარაძე – ბრინჯაო

80 კგ. ირინე ლეონიძე – ბრინჯაო

გუნდური

კაცები – II

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.1233