კალათბურთი

17:51 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” კრასნოიარსკში დამარცხდა

თბილისის “ვითამ”, რომელსაც ამ დღეებში კიდევ ერთი წამყვანი ლეგიონერი, ამერიკელი დარიუს კარტერი (საშუალოდ 16.7 ქულა, 7.1 მოხსნა) გამოაკლდა (კარიერას ბერძნულ “რეტიმნო აეგენში” გააგრძელებს), ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-8 მარცხი განიცადა.

ქართული კლუბი კრასნოიარსკს სტუმრობდა და ადგილობრივ სპორტის სასახლეში “ენისეისთან” 73:83 წააგო. საინტერესოა, რომ “ვითას” განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშე ჰყავდა და თან ამერიკელი რალსტონ ტერნერი მოედანზე არ გასულა, ამდენად, მატჩის ჩატარება 7 კალათბურთელის ამარა მოუწია.

ამ ფონზე გასაკვირი იყო, რომ შეხვედრის დასრულებამდე 01:50 წუთით ადრე, სტუმრები მხოლოდ 4 ქულით აგებდნენ, საბოლოოდ კი, 10 ქულით დამარცხდნენ, რაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

სასიხარულოა, რომ “ვითას” რიგებში საუკეთესო ქართველი უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძე იყო, რომელმაც 37:35 წუთში 24 ქულა მიითვალა, ამერიკელმა პიერია ჰენრიმ 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა, უკრაინელმა კონსტანტინ ანიკეენკომ კი 16 ქულას 9 მოხსნა წაამატა. აღსანიშნავია, 16 წლის გოგა ბითაძის 8 ქულა და 6 მოხსნაც.

“ვითას” მომდევნო მატჩი 22 ნოემბერს ელის, როდესაც სანკტ-პეტერბურგში “ზენიტს” გაეჯიბრება.

“ენისეი” – “ვითა” 83:73 (17:10, 23:22, 21:16, 22:25)

“ვითა”: ჩლაიძე (38 წ. 24 ქ. 5 მ.), ბითაძე (29 წ. 8 ქ. 6 მ.), ბოქოლიშვილი (33 წ. 5 ქ. 4 მ. 5 პ. 3 დ.), ჰენრი (33 წ. 16 ქ. 11 მ. 6 პ. 4 ჩ.), ანიკეენკო (27 წ. 16 ქ. 9 მ.); რევაზაშვილი (27 წ. 3 ქ.), შენგელია (13 წ. 1 ქ. 4 მ.).

მწვრთნელი: პაველ გოოგე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122348