ფეხბურთი

18:02 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნე მატჩი კარგი დასასრულით (+VIDEO)

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 1:0 სძლია ალბანეთს და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. მართალია, ფრის შემთხვევაშიც დარჩებოდა შანსი, მაგრამ მხოლოდ მიზერული. ამჯერად კი, ბოლო ტურის წინ ისეთი მდგომარეობაა, რომ ქართველებმა თუ ავსტრიას მოუგეს და უელსმა ალბანეთს, სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში დაითვლება ქულები, რაც თანაბარი იქნება, მერე კი საქმე ბურთების შეფარდებაზე მიდგება საქმე.

და თავად განსაჯეთ: უელსმა ალბანეთს რომ მოუგოს, საქართველომ მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით უნდა სძლიოს ავსტრიას, რათა ჯგუფიდან გავიდეს. თან, არ გვეყოლება გიორგი არაბიძე... ასე რომ, უნდა ვიბრძოლოთ და თან, ალბანეთის იმედიც უნდა გვქონდეს. არის კიდევ საუკეთესო მესამე ადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსიც, თუმცა ამას ჯერ ვერ განვსჯით, სანამ სხვა ჯგუფებში ცხრილები არ დალაგდება.

თამაშზე დავწეროთ. ბოლო 15 წუთში მოიპოვეს ქართველებმა უპირატესობა, თორემ მანამდე თანაბარი თამაში იყო. საწყის წუთებში გუნდებმა თითო-თითო ნახევარმომენტი გაცვალეს. გიორგი არაბიძის საჯარიმო დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ, მეკარე სელმანმა გაჭირვებით რომ მოიგერია.

30-ე წუთზე სერბმა მსაჯმა იოვანოვიჩმა ქართველთა კარში თავისუფალი დარტყმა დანიშნა – კარიდან 6-7 მეტრში. საქმე ისაა, რომ გოშაძემ თანაგუნდელის პასის შემდეგ ხელში აიღო ბურთი, თუმცა მსაჯს შეეძლო, ეს გამიზნულ კი არა, შემთხვევით პასად ჩაეთვალა. გადავრჩით, ალბანელი ჰებაის დარტყმული არ გავიდა. ზოგადად, პირველი ტაიმი დუნედ წარიმართა, ვერც არაბიძე აქტიურობდა.

მეორე ტაიმი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა. მე-60 წუთზე შეგვექმნა პირველი იდეალური მომენტი, როცა არაბიძემ საჯარიმო შეასრულა და სელმანმა მოიგერია. იქ, დამატებაზე გურამ გოშთელიანს უნდა ემარჯვა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარე იოლად დაეუფლა ბურთს. რამდენიმე წუთში ჰებაი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მან გოშაძე მოატყუა, მაგრამ ძვირფასი ორი მეტრი დაკარგა, ბურთი წინ გაუვარდა და მართალია, დარტყმა მოახერხა, მაგრამ მიზანს ააცილა.

ქართველთაგან მარცხენა შემტევ ბექა გვარაძეს შეეძლო გატანა, თუმცა გოშთელიანის პასის შემდეგ კარგად ვერ დაარტყა და სელმანმა იოლად აიღო. 72-ე წუთზე კიდევ ერთი შანსი გვქონდა, არაბიძე ახლოდან ურტყამდა გადმოვარდნილ ბურთს და კარს გადააცილა.

აქტიურობა შესძინა გუნდს გიორგი კიკნაძის მინდორზე შესვლამ. ბოლო 15 წუთი არაბიძემაც კარგად ჩაატარა და გოლიც, როგორც იქნა, გავიდა: მარცხენაფლანგელმა ირაკლი კომახიძემ ამ გოლში დიდი წვლილი დაიდო, მან საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, მცველებს გასცდა (აქედან, ორ მათგანს შუაში გაუძვრა), ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს არ დაურტყა და მიაწოდა გოშთელიანს, რომელმაც ცაციით გაიტანა – 1:0.

ეს იყო ქართველთა პირველი გოლი ამ შესარჩევში და სამი ქულის მომტანიც გამოდგა. ისე კი, თამაშის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. ასეთი თამაშით როგორ გინდა სძლიო ავსტრიას? არაბიძე, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ყველაზე გამორჩეულია ნაკრებში, ისე ვერ ირჯება, როგორც “შახტარის” 19-წლამდელებში. აშკარაა, რომ შეთამაშების მხრივ უჭირს.

ისე კი, ავსტრიასთან არაბიძე არ გვეყოლება. მან უელსთანაც მიიღო გაფრთხილება და დღესაც. ალბანეთთან პენალტზე ითამაშა და მსაჯმა სიმულაციისთვის დასაჯა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. I საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი

14 ნოემბერი. 14:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”

ალბანეთი – საქართველო 0:1 (0:0) VIDEO

ალბანეთი: სელმანი, კრასნიქი, ჰუმოლი, ტოლი, დოკსანი, ლალაი (ჩემა 87), დელიუ, გრიპში (ნდრაჯი 72), ზენუნი, ლიკოლარი (ჰისენი 80), ჰებაი

მწვრთნელი: არიან ბელაი

საქართველო: გოშაძე, კაკიაშვილი, პაპუაშვილი, ნადარაია, კომახიძე, ბიძინაშვილი (კიკნაძე 61), ალთუნაშვილი (ბაშელეიშვილი 46), მამუჩაშვილი, გვარაძე (ართმელაძე 77), არაბიძე, გოშთელიანი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლი: 0:1 გოშთელიანი (86)

გაფრთხილება: კრასნიქი (20), დელიუ (42), არაბიძე (77), ჰებაი (88)

მსაჯი: იოვანოვიჩი (სერბეთი)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრიამ უელსს 2:0 მოუგო. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა: შლაგერმა 54-ე წუთზე გახსნა ანგარიში და პავლოვიჩმა 66-ეზე გაზარდა სხვაობა.

1. ავსტრია 2 2 0 0 4:1 6
2. უელსი 2 1 0 1 3:2 3
3. საქართველო 2 1 0 1 1:3 3
4. ალბანეთი 2 0 0 2 1:3 0

ბოლო ტური გაიმართება 17 ნოემბერს: საქართველო-ავსტრია, ალბანეთი-უელსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102571