ფეხბურთი

14:51 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძე: “ვცდილობთ, ეროვნული ნაკრების სისტემას მხარი ავუბათ”

12-17 ნოემბერს თბილისში, “მიხეილ მესხის” ძირითად და სათადარიგო სტადიონებზე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები გაიმართება. კარგია, რომ მსგავს თამაშებს თბილისი ხშირად მასპინძლობს და როგორც წესი, ბოლო წლებში ქართველები პირველ ბარიერს ყოველთვის წარმატებით გადალახავენ ხოლმე.

ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები უელსი, ალბანეთი და ავსტრია იქნებიან. ჯგუფიდან ორი გუნდი გავა ელიტ რაუნდზე. მაისურაძემ და 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა პრესკონფერენცია გამართეს, მერე კი ნაკრები სავარჯიშოდ გავიდა “მიხეილ მესხის” სტადიონზე:

ვასილ მაისურაძე: - 7 ნოემბერს უმაღლესი ლიგის ტური იყო და მეორე დღიდან დავიწყეთ სრული შემადგენლობით წვრთნა. ოთხი დღე მოგვიწია ვარჯიში და რაც ამ მოკლე პერიოდში შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ კონტინგენტით და დანაკლისის შესახებ რას გვეტყვით?

- შემადგენლობა ოპტიმალურია, თუ არ ჩავთვლით გიორგი ბერიძის (ბელგიის “გენტის” დუბლები) არყოფნას. მას ტრავმა აწუხებს და ვერ დაგვეხმარება. ფიზიკურ მდგომარეობაზე ახლა ზედმეტია საუბარი, განსაკუთრებით კი ეს ითქმის “საბურთალოს” ფეხბურთელებზე: მათ ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ.

- მეკარე ლუკა გუგეშაშვილი 1999 წელსაა დაბადებული და ეს იმას ნიშნავს, რომ 1997 და 1998 წელს დაბადებულებში დიდი კონკურენცია არაა?

- გუგეშაშვილმა თავისი თამაშით დაიმსახურა ჩვენთან გამოძახება. 1997 და 1998-წლიანებშიც არიან მეკარეები, თუმცა ამ ეტაპზე, სათამაშო კუთხით, გუგეშაშვილის გამოძახება ჩავთვალეთ საჭიროდ.

- კახა ცხადაძეს ასაკობრივი ნაკრებეების მწვრთნელებთან ჰქონდა შეხვედრა და მათ შორის, თქვენთანაც. ცხადაძემ სურვილი გამოთქვა, რომ ყველა ნაკრებმა იდენტური სისტემით ითამაშოს. თქვენც ცდილობთ, რომ სამმცველიანი სქემით ათამაშოთ გუნდი?

- დიახ, ვცდილობთ, რომ ამ სისტემაში ჩავჯდეთ და მხარი ავუბათ. სწორი მიმართულებაა.

გურამ გოშთელიანი: - ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა წარმატებით ვითამაშოთ და ელიტ რაუნდზე გავიდეთ. გვსურს, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.

- პირადად შენ გადატვირთული გრაფიკი გაქვს. “საბურთალოს” სახელით ეროვნულ ჩემპიონატში და უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშე, ასევე 21-წლამდელთა ნაკრებშიც. ახლა კი 19-წლამდელებში მოგიწევს. რამდენად შეგძინა გამოცდილება ამდენმა ტურნირმა?

- საკმაოდ შემძინა, თუმცა გადაღლილი არ ვარ. თან, 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ვარ და მესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაბარია.

აქვე 18-კაციან შემადგენლობას გთავაზობთ:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა „საბურთალო“), ლუკა ლოჩოშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი პაპუაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი ახალაძე („სამტრედია“)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა „საბურთალო“), შერმადინ ართმელაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ნიკა ბაშელეიშვილი („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („შახტარი“, უკრაინა), ბექა მიქელთაძე („დინამო“ თბილისი), გურამ გოშთელიანი („საბურთალო“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“ თბილისი)

ტურნირის კალენდარი:

12 ნოემბერი

13:00 - ავსტრია - ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო - უელსი („მიხეილ მესხი“)

14 ნოემბერი

13:00 - ავსტრია - უელსი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - ალბანეთი - საქართველო („მიხეილ მესხი“)

17 ნოემბერი

14:00 - უელსი - ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო - ავსტრია („მიხეილ მესხი“)

0.113104