ფეხბურთი

20:38 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგასა და “სევილიას” ერთმანეთი არ ეთმობათ

უეფას ევროპა ლიგის ბოლო ორგზის გამარჯვებულ “სევილიას” არგენტინელი ნახევარმცველის ევერ ბანეგას შენარჩუნება სურს. ამის შესახებ ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი წერს.

“ჩვენ ვმუშაობთ ევერ ბანეგას ახლა კონტრაქტზე. შეთანხმების მიღწევა არ გაგვიჭირდება, რადგან ევერს სევილიაში დარჩენა უნდა და ამ ფაქტით ჩვენც გახარებულები ვართ”, - წერია “სევილიას” საიტზე.

თავის მხრივ, “რამონ სანჩეს პისხუანზე” თამაშის სურვილს საჯაროდ თვითონ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელიც გამოხატავს:

“სევილიაში მშვიდად ვარ. “ბოკა ხუნიორსის” ინტერესით ამაყი ვარ, მაგრამ არგენტინაში დაბრუნება ნაადრევია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ “სევილიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა”, - უთხრა ბანეგამ “რადიო მარკას”.

27 წლის ბანეგა ესპანურ გუნდში 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი წევრია. მანამდე მის კარიერაში “ბოკა”, მადრიდის “ატლეტიკო” და “ნიუელს ოლდ ბოიზი” იყო, უმეტესი წლები კი “ვალენსიაში” აქვს გატარებული. “სევილიასთან” მოქმედი კონტრაქტი არგენტინელს დამდეგ ზაფხულს ეწურება.

0.112325