ფეხბურთი

19:22 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტალინისა და ტირანას წინ

11 ნოემბერს ესტონეთთან და 16 ნოემბერს ალბანეთთან: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ზედიზედ ორი გასვლითი ამხანაგური მატჩი ელის და კახა ცხადაძის რჩეულთა სიაც ცნობილია. ამ წერილში უფრო იმაზე გავაკეთებთ აქცენტს, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ორი შეხვედრისგან და რაში წაგვადგება.

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო დაგვაკლდებიან ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, ლევან ყენია და ნიკა კვეკვესკირი. მჭედლიძე ნაკრების ნომერ პირველი ფორვარდია და მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, ეროვნული გუნდის მაისურით კარგა ხანია გოლი არ გაუტანია, მაინც დიდი სარგებელი მოაქვს. ის არაა მათემატიკაზე და სტატისტიკაზე აწყობილი თავდამსხმელი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, ხშირად აწუხებს მცველებს, ხშირად უქმნის სივრცეს შემტევ ნახევარმცველებს და შოტლანდიასთან ვაკო ყაზაიშვილის გოლიც რომ გავიხსენოთ, საამისოდ კმარა.

მჭედლიძის არყოფნაში ძირითადი ფორვარდი მათე ვაწაძეა: უფრო სტატიკური, გოლის უკეთესი ალღოთი. ბოლო შეხვედრებმაც გამოაჩინა, რომ ვაწაძე ნიკა გელაშვილზე და ბაჩანა ცხადაძეზე მაღლა დგას შესაძლებლობებით.

ნახევარდაცვის შუაშია დიდი დანაკლისი. ჯანო ანანიძის არყოფნაში, ცხადაძემ მის შემცვლელად ნიკა კვეკვესკირი აირჩია. გიბრალტართან და გერმანიასთან თამაშებმა აჩვენა, რომ სწორი არჩევანი იყო, თუმცა ახლა კვეკვესკირიც დაშავდა. ვინ დადგება ჯაბა კანკავას გვერდით, ეს რთული სათქმელია, მაგრამ დიდი შანსია, ეს მისია 21 წლის ფრაიბურგელ ლუკას ჰუფნაგელს დაეკისროს. ჰუფნაგელი სწორედაც ამ პოზიციის ფეხბურთელია, რვა ნომერი. ამავე პოზიციაზე შეუძლია თამაში სანდრო კობახიძესაც და კარგია, რომ მისი სახით უნივერსალი გვყავს, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, სად უკეთ გამოიყურება - სანდრო შემტევ ფლანგელად უკეთესია. არის კიდევ მათე ცინცაძეც: თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი.

რაც შეეხება ლევან ყენიას, ის უფრო შემტევი ტიპისაა, ვიდრე ეს თვისებები რვა ნომერს სჭირდება. ლევანი წინ უფრო პროდუქტიულია, ანუ იმ ადგილას, სადაც ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ.

ცხადაძემ რამდენჯერმე თქვა, არაა აუცილებელი, მაინცდამაინც სამმცველიან სისტემით ვითამაშოთო. შესაძლოა, ამხანაგურებში ოთხი მცველი გაამწესოს, თუმცა ეს ამხანაგურია და ტაქტიკის ვარირების ალბათობაც მეტია.

ალბათ, ამ ორ შეხვედრაში შანსი მიეცემა "ფლამურტარის" მარცხენა მცველ გიორგი ფოფხაძესაც, რომელსაც ხშირად იძახებენ, მაგრამ არ ათამაშებენ. ასე იყო თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდშიც. ფოფხაძეს შეუძლია მარცხენა განაპირა მცველად და ასევე, სამმცველიან სისტემაში მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაში.

საშინაო მატჩებს რა სჯობს, ცოცხლად უყურებ თამაშებს, თუმცა ამ ეტაპზე გასვლით შეხვედრებსაც აქვს თავისი დადებითი მხარე: საქართველოს ნაკრებს სტუმრად თამაშის სინდრომი მაინც ეტყობა (მაინცდამაინც გერმანიასთან მატჩს ნუ ავიღებთ), გუნდმა უკეთ უნდა ისწავლოს სტუმრად მოქმედება და მომავალი შესარჩევისთვის გამოიყენოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ესტონეთიც და ალბანეთიც ფიფას რეიტინგში ჩვენზე წინ არიან. ალბანეთი სულაც 32-ე ადგილზეა და მათთან გამარჯვება რეიტინგში დიდად დაგვაწინაურებდა. რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით ყოველთვის უკეთესია ეთამაშო იმ გუნდს, რომელიც შენზე წინაა სიაში, თუმცა გასაოცარი სიძლიერით არ გამოირჩევა. რეიტინგი ზოგჯერ მატყუარაა და საერთო აზრით, ალბანეთი 32-ე ქვეყანა არაა მსოფლიოში - უბრალოდ, ამ მომენტში აქვს პროგრესი.

ბოლო 10 წელია გვქონდა და ახლაც გვაქვს ლეგიონერთა სათამაშო პრაქტიკის არქონის პრობლემა. ჩამოვთვალოთ ასეთები: გიორგი ლორია "კრილიადან", ოქრიაშვილი "გენკიდან", გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან". ჰუფნაგელიც უმეტესად შეცვლებზე თამაშობს, თუმცა სხვებზე უკეთეს გუნდშია და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენი პრობლემა იმაშიც არის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ორი-სამი ფეხბურთელის ჩავარდნაც კი უკვე დაღს გვასვამს. ამ მხრივ წამყვან და თუნდაც მეორე ეშელონის ევროპულ ნაკრებებს ნუ შევედრებით, ისინი აიტანენ დანაკლისს, ჩვენთვის კი მძიმე გადასატანია. არჩევანი მწირი გვაქვს და ვინც გვყავს, მათ უნდა მოვუფრთხილდეთ, თუმცა ჯერ თავად უნდა მოუფრთხილდნენ საკუთარ ფორმას. ქართველი გულშემატკივარი მათ ჯერ კიდევ იმედის თვალით შეჰყურებს.

ცხადაძეს წმინდა სათამაშო კუთხით აშკარად წინ მიჰყავს ნაკრები. სწორად მუშაობს გუნდთან, ფეხბურთელებს რწმენას უბრუნებს და გუნდს ეტყობა. ძალიან არ გვინდა, რომ ეს მოიშალოს.

0.116392