საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც ინგლისში მსოფლიო თასის დასრულებამდე იყო, “მსოფლიო რაგბისა” და სხვადასხვა ქვეყნების რაგბის კავშირების მაღალჩინოსნებთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ახლა მზადაა ქართველ გულშემატკივარს შეხვდეს და ამ საუბრების დეტალები პირადად გაუზიაროს.
ნიჟარაძე ქართული რაგბის ქომაგებს, “მსოფლიო სპორტის” მკითხველებს მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე შეხვდა და პირობა დადო, რომ შინ დაბრუნებული მათ კიდევ ერთხელ შეხვდებოდა და ანგარიშს ჩააბარებდა იმ საუბრებზე, რომლებიც ინგლისში გაიმართებოდა. არის საკითხები, რომლების განხილვაც პრესკონფერენციებზე, ან ინტერვიუებში შეუძლებელია და ასეთ დროს მსგავსი შეხვედრები გულშემატკივრების ინფორმირებულობისათვის უმნიშვნელოვანესია.
ამრიგად, შეხვედრა გიორგი ნიჟარაძესთან ორშაბათს, 9 ნოემბერს, 19:00 საათზე იგეგმება. ადგილი უცვლელია - “შევარდენის” სანაკრებო ბაზა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მობრძანდეს და მისთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღოს, ან საკუთარი მოსაზრებები გააჟღეროს.