“სევილიას” ნახევარმცველი ვიტოლო “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებამდე ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოებულ შეხვედრაზე ესაუბრა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა თანაგუნდელი ევერ ბანეგა შეაქო და აღნიშნა, რომ ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.
არგენტინელ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ტრავმები აწუხებდა და მხოლოდ 8 მატჩის ჩატარება მოასწრო (3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა). მან შაბათს “ვილიარეალთან” წაგებული (1:2) შეხვედრაც ტერფის მცირე დაზიანების გამო გამოტოვა. ვიტოლოს თქმით, როდესაც ევერი მოედანზეა “სევილია” სულ სხვა გუნდია.
“ბანეგა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მას შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ის როდესაც მოედანზეა, ჩვენი გუნდი სულ სხვაა და გაცილებით უკეთესად თამაშობს.
ჩვენ “სიტისთან” გასულ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მშვენივრად ვითამაშეთ და ნამდვილად არ გაგვიმართლა, რადგანაც წაგებას არ ვიმსახურებდით.
დღეს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვეთამაშებით “სიტის” და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენი პროგრესისთვის აუცილებელია”, - განაცხადა ვიტოლომ.
შეგახსენებთ, რომ “სევილიასა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება “სანჩეს პისხუანზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.