ფეხბურთი

0:04 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვრცელი მიმოხილვა ხეჩიკაშვილისგან და კობიაშვილისგან
“აქამდე რაც ხდებოდა, ასე აღარ გაგრძელდება”

გუშინ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილისგან ანგარიში მოისმინა. მიწვეული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. სხდომა მიჰყავდათ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვსა და მის მოადგილე შოთა ხაბარელს.
ხეჩიკაშვილსა და კობიაშვილს კითხვები დაუსვეს პარლამენტის წევრებმა, დავით ლორთქიფანიძემ, თემურ ჩხაიძემ (ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი კაპიტანი), ლუკა კურტანიძემ და სხვებმა. იქ იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელებიც: ვახტანგ ქორიძე და გელა კეტაშვილი. კობიაშვილთან ერთად იყო მოსული მისი ყოფილი თანაგუნდელი საქართველოს ნაკრებსა და “ფრაიბურგში” ალექსანდრე იაშვილი, რომელიც ამჟამად თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია.
ხეჩიკაშვილმა ვრცელი ანგარიში წარმოადგინა:
“2016 წელი მნიშვნელოვანი იქნება ინფრასტრუქტურული კუთხით. ის, რომ ქონების გადასახადი ათასჯერ შევამცირეთ, ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ გვაქვს სამუშაო იმაზე, რათა ბიზნესმენები აქტიურად ჩაერთონ სპორტში. ბევრს აქვს სურვილი, მაგრამ სტიმული უნდა გავუღვივოთ.
...ვაპირებთ ბრძოლას გარიგებული თამაშების წინააღმდეგ და ყველაზე მეტად ეს ფეხბურთში შეინიშნება. საერთოდ, ფეხბურთი ამ მხრივ მსოფლიოშიც ყველაზე მიმზიდველი სახეობაა. ბევრი ადამიანი ითბობდა ხელს გასული წლების განმავლობაში და წყალი აუცილებლად გაიწმინდება. ასევე, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება.
...2015 წელი უხვმოსავლიანი იყო ქართული სპორტისთვის და იმდენი მედალი ავიღეთ, ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნებიც რომ ინატრებდნენ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ზოგჯერ დამახინჯებულად ამბობენ, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ ფედერაციის საქმიანობაში ერევა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თაბვად ამ სახეპობების ფედერაციის ხელმძღვანელები არ თამაშობენ სწორ თამაშშ, რისი დასტურიც 3 ოქტომბრის სფფ-ის არჩევნები იყო. უეფას პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, რომელიც იმ დღეს ჩამოსული იყო, თავად აღნიშნა, რომ ყოფილი ფედერაციის წესდებებში ბევრი დარღვევა იყო. იცით, როცა ფედერაციას მილიონები მიაქვს, კეთილი უნდა ინებოს და სუფთა წესებით ითამაშოს.
... რაც შეეხება ფეხბურთში 250 მილიონი ლარის დაბანდებას 5 წლის განმავლობაში, ყველამ იცის, რომ ქართული კლუბების 90 პროცენტი საბიუჯეტოა და ყველანაირად გაკონტროლდება ეს თანხები, რაც გადაეცემათ. ზოგიერთ ქართულ კლუბში უფრო მტი ადამიანია გაფორმებული, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგის გუნდებში... თანხა დაიხარჯება, მაგრამ მკაცრად გაკონტროკლდება. ძველი ფედერაციის დროს ეს ვერ ხერხდებოდა, ამჟამინდელთან კი ეს პრობლემა აღარ იქნება. ამაზე უკვე ვისაუბრეთ ლევან კობიაშვილთან.
...ჭადრაკს რაც შეეხება, გეთანხმებით, მეც მაქვს კითხვები და 38 მილიონი ლარის გამოყოფაზე 4 წელიწადზე. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არავინ არ იგრძნოს თავი დაჩაგრულად. მეორე მხრივ, მიხარია, რომ ჭადრაკი ძველ დიდებას იბრუნებს და წარმატებები გვაქვს”.
ლევან კობიაშვილმაც ვრცლად ისაუბრა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯერ ერთი თვის წინ გახდა სფფ-ის პრეზიდენტი და დროა საჭირო, რათა უფრო მკაფიოდ გამოსახოს თითოეული დეტალი. კობიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიდი ვალები დახვდა ყოფილი ხელმძღვანელობისგან:
“18 ნოემბერს სფფ-ის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება და აღმაკომის ახალი შემადგენლობა აირჩევა. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი ადამიანი იქნება აღმასკომში. ამჟამად 18 პიროვნებაა, მაგრამ სავარაუდოდ, მათი რიცხვი შემცირდება. არაა აუცილებელი მოთხოვნა, რომ აღმასკომში სულ ყპოფილი ფეხბურთელები იყვნენ. შესაძლოა იყვნენ მაგალითად იურისტებიც.
...გარიგებულ მატჩებზე. ვიცი, რომ უეფადან ფედერაციაში წლების განმავლობაში მოდიოდა ამ თამაშების სია. ფედერაცია როგორ რეაგირებდა ამაზე, ეს უკვე სხვა საქმეა. ზომებს არ იღებდნენ. დამიჯერეთ, ასე არ გაგრძელდება და ყველა დაისჯება, ვინც გარიგებულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას ან დაუკვეთავს.
...სერიოზული პრობლემაა ის, რომ წესდება დაულაგებელი დაგვხვდა ფედერაციაში. ბევრი ადამიანი სრულიად უფუნქციოდ იყო. პრობლემაა რუსთავის აკადემიაც, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვალების გამო, მშენებლობა გაჩერებუ;ლია და სამუშაოების მხოლოდ 40-50 პროცენტია დასრულებული.
...იმედი გვაქვს, სახელმწიფოსთან ერთად, ამ ვალების დაფარვას შევძლებთ. არავის დავპირდები, რომ საქართველოს ჩემპიონატი ერთ წელიწადში ბუნდესლიგის დონეზე გავა, ან საქართველოს ნაკრები აუცილებლად ითამაშებს მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ წინსვლა უნდა გვქონდეს. გერმანული მოდელის მთლიანად კოპირებას არ ვაპურებ, მაგრამ ბევრ რამეს გადმოვიტანთ. შეიქმნება რეგიონული ცენტრები, როგორიც გერმანიაშია და ბავშვებსა თუ ჭაბუკებს საშუალება მიეცემათ, ფეხბურთით დასაქმდნენ. ამასი თავად გერმანელი ექსპერტებიც დაგვეხმარებიან, რომლბიც მზად არიან, აქ ჩამოვიდნენ.
...ვერავის დავპირდები, რომ ბავშვთა სკოლებში ფეხბურთი უფასო იქნება, მაგრამ ყველანაირად გავაკონტროლებთ, რომ ბავშვებმა ივარჯიშონ ნორმალურ მოედანზე და კვალიფიციური მწვრთნელები ჰყავდეთ. ამ მწვრთნელების გადამზადებაზე კი ვიზრუნებთ. ფედერაციას თავად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მშენებლობა დაიწყოს სტადიონებისა, მაგრამ სახელმწიფოს გვერდში დგომის იმედი გვაქვს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ფედერაცია და კლუბები ცალცალკე იყვნენ. ფედერაციას არც აინტერესებდა, რით სულდგმულობდნენ კლუბები. თუ ვინმე მეტყვის, რომ ქართულ ფეხბურთს ეტყობოდა, 40-50 მილიონი რომ მოსდიოდა სახელმწიფოსგან, მაშინ არ ვიცი... არაფერი არ ეტყობოდა. ასე აღარ იქნება, მკაცრად გაკონტროლდება.
...მოკლე პერიოდში სრულ პროგრამას წარვადგენთ, თუ რა გზით უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი 2016-2019 წლებში და რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს. უნდა მივაღწიოთ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს თავიანთი აკადემიები ჰქონდეთ. სწორად აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომ ასაკობრივ ნაკრებებში, რომლებიც წარმატებით თამაშობენ, სულ კერძო კლუბების აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კერძო კლუბები კი თითზე ჩამოსათვლელია”.
კობიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს, რათა საჯარო სკოლებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ფეხბურთს. ეს მასობრიობის კუთხით წინ წამოწევს სპორტის ნომერ პირველ სახეობას.

0.13277