უეფა-ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენ–სალაზარ ჰევიტი კვლავ თბილისშია. უეფას წარმომადგენელი საქართველოში ამჯერად ემილი შოუსთან, უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერთან ერთად ჩამოვიდა. უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახალი, საპილოტე პროგრამის განხორციელებას შეუდგება, რომლის მიზანიც საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაა.
ახალი პროექტის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების დასაგეგმად სტუმრები უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს დავით მუჯირს შეხვდნენ.
„ჩემი დამოკიდებულება ქალთა ფეხბურთის მიმართ ცნობილია. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებას. უეფასთან ერთად იგეგმება სპეციალური პროექტი. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დაწყებაც“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
პრისილა იანსენმა კმაყოფილება გამოთქვა იმ გარემოებით, რომ მისი წინანდელი ვიზიტის შემდეგ ქალთა ფეხბურთში მცირედი, მაგრამ ცვლილებები შეიმჩნევა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „ევრო 2017“–ის ბოლო შეხვედრებში და ამ თამაშებისთვის მოსამზადებელი პერიოდში ახალი, „ჟომას“ ეკიპირებით წარსდგა საზოგადოების წინაშე.
„ახალ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გქვონდა. მიხარია, რომ მდგომარეობამ ოდნავ დაიწყო გამოსწორება. ამაზე ნაკრებისთვის ქალის ხაზის სპორტული ეკიპირებით აღჭურვაც მეტყველებს. ეს არის დიდი ნაბიჯი, ქალთა გუნდისთვის, რომ მათ თავდაჯერება მოემატოთ. საჭიროა გააგრძელოთ სკოლბურთის მიმართულებითაც მუშაობა. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი და პირველ ყოვლისა მშობელთა განათლებაზე ორიენტირებული, რომ მათ გოგონების საფეხბურთო სექციებში გამოშვება არ მოერიდოთ. ქალი ფეხბურთელების მზადება საბავშვო ასაკიდან უნდა გახდეს აუცილებელი“, – აღნიშნა პრისილა იანსენმა.
„საჭიროა დისციპლინა, თუნდაც ის, რომ უკვე მწვრთნელებმა გააკონტროლონ გუნდის იმიჯი ვარჯიშისა და თამაშის დროს. გუნდი უბრალო ვარჯიშის დროსაც კი ერთნაირი სანაკრებო ფორმით უნდა იყოს შემოსილი. საჭიროა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უფრო აქტიურად ჩაერთოს უეფასა და ფიფას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტებში. რაც ქალთა ფეხბურთს საქართველოში უფრო ცნობადს გახდის. ასევე, არ იქნება ურიგო, თუ მამაკაცთა გუნდები რაღაც დონეზე ქალი ფეხბურთელებისთვის კარს გახსნიან. კარგი იქნება, თუკი მომავალში, სფფ–ს აღმასკომის წევრთა შორის ქალთა ფეხბურთის ინტერესების გამტარებელი იქნება“, – აღნიშნა ემილი შოუმ.
თავის მხრივ, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან უეფას ყველა რეკომენდაცია შეასრულონ. ამავდროულად, ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყეს მუშაობა ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დებულებაზე და ეს, არც თუ შორეული მომავლის საკითხია.
თბილისში უეფა-ს ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლები კიდევ 2 დღე დარჩებიან.
სფფ–ის პრესსამსახური