ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. “რუბინის” შემადგენლობაში ტანმაღალი მცველის თავიდან ბოლომდე გარჯა უკვე კარგა ხანია აღარ გვაკვირვებს. ყაზანელებმა კი სტუმრად პრემიერლიგის აუტსაიდერ მახაჩყალის “ანჟის” 2:1 მოუგეს. “რუბინს” ამ გამარჯვებით 13 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზე იმყოფება.
კვიპროსის ჩემპიონატის IX ტურში “პაფოსმა” ფამაგუსტას “ანორთოსის” უმასპინძლა და 1:2 წააგო. მასპინძელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გია გრიგალავა, ლევან ხმალაძე, ნიკოლოზ გელაშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილი. პირველმა სამმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გრიგალაშვილი მოედანზე 83-ე წუთამდე იყო. ფამაგუსტელთა რიგებში კი მთელი სათამაშო დრო სათადარიგო სკამზე გაატარეს გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ. “ანორთოსისს” 20 ქულა აქვს და მეოთხეა, ხოლო “პაფოსი” 8 ქულით მერვე ადგილს იკავებს.