ტურინის “იუვენტუსი” შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა მარჩელო ლიპიმ ჩაიბაროს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს. ტურინში ამჟამინდელი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და თუ მაქსი უახლოეს ხანებში მდგომარეობას არ გამოასწორებს, მას კარისკენ მიუთითებენ. სწორედ ალეგრის შემცვლელად ესახებათ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარჩელო ლიპი.
ლიპის “იუვეს” პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და ვიცე-პრეზიდენ პაველ ნედვედთან ახლო და კარგი ურთიერთობა აკავშირებს. თანაც, მაესტროს დაბრუნებას კლუბის გულშემატკივრებიც ემხრობიან.
შეგახსენებთ, მარჩელო ლიპი, რომელიც კლუბების გაწვრთნაზე უარს უკვე წელიწადია ამბობს და მხოლოდ ნაკრებში მუშაობაზეა თანახმა, “ბებერ ქალბატონს” ორჯერ უკვე ხელმძღვანელობდა, 1994-1999 და 2001-2004 წლებში. მასთან ერთად კი “იუვეს” წარმატებული პერიოდი ედგა. ლიპის გარდა, ალეგრის შესაძლო მემკვიდრეებში ფაბიო კაპელო და ვალტერ მაძარიც სახელდებიან. ისიც ითქვა, რომ დამდეგი ზაფხულიდან იტალიის ჩემპიონი შესაძლოა, კიდევ ერთმა ძველმა ნაცნობმა, ანტონიო კონტემ ჩაიბაროს, ოღონდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...