იტალიური “ნაპოლის” ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დრის მერტენსმა, უახლოეს დღეებში საკუთარ კლუბთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს.
Sky Italia-ს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილები არიან.
მერტენსის აგენტი უკვე იტალიაშია და დღე-დღეზე ახალი შეთანხმების უკანასკნელი დეტალები დაზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში დრისის შეძენა მილანის “ინტერს” სურდა და ტრანსფერის განხორციელებას სულ ცოტა დააკლდა. მის აგენტ სორენო ლერბისა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ მხარეებმა სიტუაციის გასარკვევად ლამის სასამართლოს მიმართეს.
ახლა ყველაფერი რიგზეა და გასულ თვეში პრეზიდენტმა და აგენტმა საერთო ენა გამონახეს. ის ნეაპოლში ჩავიდა და კვირის ბოლომდე ახალი შეთანხმების დეტალების განხილვა უნდა დასრულდეს, მით უმეტეს, რომ თანამშრომლობის გახანგრძლივება ორივე მხარის სურვილია.
მერტენსმა “ნაპოლის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.