ფეხბურთი

14:28 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი მზადაა სასამართლოს უდანაშაულობა დაუმტკიცოს

უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის სჯერა, რომ მიუხედავად ფიფას სასჯელისა იგი მსოფლიო ფეხბურთის სათავეში მაინც მოვა.

Telegraph-თან საუბრისას ფრანგმა ფიფას ეთიკის კომიტეტი არასწორ გამოძიებაში დაადანაშაულა, რასაც საბოლოოდ მისი დასჯა მოჰყვა. შვეიცარიულმა პოლიციამ ზეპ ბლატერის მიერ პლატინისთვის გადარიცხული 2 მილიონი ფრანკი უკანონოდ ჩათვალა. ფიფამ კი ორივე საფეხბურთო მოღვაწე საქმიანობას 90 დღით ჩამოაშორა. მიშელი მზადაა სასამართლოს უდანაშაულობა დაუმტკიცოს.

“პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი გახლდით და ეს ორი მილიონი გახლდათ იმ ოთხი წლის მუშაობის საზღაური, რომელიც ფიფას ჩემთვის მართებდა. ბლატერმა შემომთავაზა კონტრაქტი და მეც დავთანხმდი. სამუშაო შევასრულე, კონტრაქტი კანონიერი იყო. მქონდა თუ არა ფულის აღების საშუალება 9 წლის შემდეგ? კი. გადმორიცხვა კანონიერად მოხდა? კი. საგადასახადოში დეკლარირებული იყო ეს ფული? კი. ფიფა სწორად მოიქცა შესრულებული სამუშაოდან ხუთი წლის შემდეგ (2011). ფიფაშიც და უეფაშიც ამის შესახებ იცოდნენ.

ახლა ხალხი ამ საქმეს უკანონოდ განიხილავს, რადგან თურმე ფიფას ბუღალტრებმა დეტალურად არ გაწერეს, რისთვის გადაიგზავნა ეს ფული. ყველაფერი კანონიერად მოხდა.”

კითხვაზე თუ რატომ მოითხოვა პლატინიმ თანხა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიშელის პასუხი შემდეგნაირია: “ასეთი კონსპირაციული თეორიების არ მჯერა. დიახ, დიდი ხანი ვიცდიდი ჩემი ანაზღაურების მისაღებად. მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი, როდესაც თანხა რამდენიმე წელიწადის დაგვიანების შემდეგ მივიღე. ფიფას პრეზიდენტმა პატიოსანი სიტყვა მომცა და ვიცოდი იგი ერთ დღეს მაინც გადამიხდიდა. იღბლიანი ვარ, რადგან ფინანსურად არ მიჭირს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის არ უნდა გადაეხადათ.”

ზეპ ბლატერმა “იტარ-ტასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი აშშ უნდა ყოფილიყო, თუმცა მიშელ პლატინის და ნიკოლა სარკოზის დამსახურებით საბოლოოდ ყატარში გაიმართება 22-ე მსოფლიო თასი.

ფრანგი საფეხბურთო ჩინოვნიკი აღნიშნავს, რომ ფიფა და უეფა დაპირისპირებული ორგანიზაციებია.

“ფიფა და უეფა ანტაგონისტები არიან. ერთსა და იმავე დროს ეს ორი ორგანიზაცია მოქიშპეობაში განვითარდა. მსოფლიო ფეხბურთის შემდეგმა მმართველმა ფიფასა და უეფას შორის ჰარმონია უნდა დაამკვიდროს. ჩვენი ურთიერთობა ზეპ ბლატერთან 2015 წელს უფრო დაიძაბა, რადგან 2011 წელს შვეიცარიელმა პირობა დადო 2015 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. საბოლოოდ მან სიტყვა გატეხა.”

პლატინი ათვითცნობიერებს, რომ თუ მისი 90-დღიანი სასჯელი გახანგრძლივდება, იგი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

“ნაწყენი ვარ, არსებობს ყველა საბუთი იმისა, რომ რეალურ ფაქტებსა და ჩემ სასჯელს შორის კავშირი არაა. სასჯელი ხელს მიშლის წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოო. მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ჩემ თავს პრეზიდენტობის სრულფასოვან კანდიდატად მივიჩნევ. ხალხს სურს წინააღმდეგობა გამიწიოს, ყველამ იცის მოგების შანსი მაქვს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ არ სურთ ფიფას ყოფილი ფეხბურთელი განაგებდეს. ვარ მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომელსაც ფეხბურთზე შეხედულება 360 გრადუსით გამაჩნია. მაქვს დიდი გამოცდილება. ვიყავი ნაკრების წევრი, საფრანგეთის მწვრთნელი, “ნანსის” დირექტორი, 1998 წლის მუნდიალის ორგანიზატორი, ახლა კი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციის მმართველი. ფეხბურთის შესახებ ყველაფერი ვიცი და მაქვს უნარი მსოფლიო ფეხბურთის ღირსეული მმართველი ვიყო.”

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 28 თებერვალს გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სათავეში მოსვლა პლატინის გარდა ჟერომ შამპანის, ალი ბინ ალ-ჰუსეინს, სალმან ალ-ხალიფას, ტოკიო სექსვალეს, მუსა ბილიტის და ჯანი ინფანტინოს სურთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112848