ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის, ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის ორგანიზატორებმა 2016/2017 წლების გათამაშების მონაწილე გუნდები, ჯგუფები და თამაშების ჩატარების განრიგი გამოაქვეყნეს.
უსახსრობის გამო ტურნირში ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონის, “ლელო-სარასენსის” ჩართვა და ქართველების უარმა გზა გაუხსნა ერთა თასის ქვედა დივიზიონის კლუბებს - ევროთასებზე დებიუტი ექნებათ გერმანულ და ბელგიურ გუნდებს. რუმინეთის ჩემპიონ “ტიმიშოარა-სარასენსს” ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ ევროთასებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე რვა გუნდიდან სამი იტალიურია, თითო-თითო კი რუმინული, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული და ბელგიური.
ისინი ჯგუფებში ასე განაწილდნენ: პირველი ჯგუფი - როვიგო (იტალია), ვალიადოლიდი (ესპანეთი), ფიამა ორო (იტალია), ჰაიდელბერგერი (გერმანია); მეორე ჯგუფი - ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი), მოლიანო (იტალია), დირეიტო (პორტუგალია), როიალ კიტურო (ბელგია).
როგორც ხედავთ, ჯგუფურ ეტაპზე არ თამაშობს რუსეთის ჩემპიონი კრასნი იარი. ეს იმიტომ, რომ გასულ შესარჩევ ეტაპზე, იტალიურ “კალვიზანოსთან” ერთად, 2015/2016 წლების ჩელენჯ ქაფის ძირითად ბადეში თამაშის უფლება რუსეთის მაშინდელმა ჩემპიონმა “ენისეიმ” მოიპოვა და რუსეთს მათთვის განკუთვნილი ერთი ადგილი უკვე დაკავებული აქვთ. სამაგიეროდ, რუსეთის რაგბის კავშირში მივიდა ოფიციალური დოკუმენტი და პლეი ოფში “ენისეის” ნაცვლად “კრასნი იარი” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მესამე დონის ტურნირის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები, “კალვიზანოსა” და “ენისეის” შემცვლელ “კრასნი იართან” ორრაუნდიან პლეი ოფს გამართავენ და გამარჯვებულები ჩელენჯ ქაფის მომავალ გათამაშებაში ჩაერთვებიან.