კალათბურთი

22:10 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპმა" ბოლო ადგილს თავი დააღწია

დასრულდა კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურიდან გადმოტანილი "აკადემია"-"ოლიმპის" შეხვედრა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობდა.

"ოლიმპმა" 93:62 იმარჯვა და აუტსაიდერობას თავი დააღწია. რაც შეეხება "აკადემიას", ეს გუნდი ორი თამაშიდან ამდენივე წაგებით გამოკვეთილი აუტსაიდერი გახდა. ორი თამაშიდან 4 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში "სოხუმი" იმყოფება. 6 გუნდი, მათ შორის "ოლიმპიც", II-VII ადგილებს ინაწილებენ.

"აკადემია"-"ოლიმპის" მატჩი ამ უკანასკნელის უპირატესობით დაიწყო და "ოლიმპი" პირველი მეოთხედის შემდეგ 15 ქულით (20:5) დაწინაურდა. ახალგაზრდა აკალთბურთელებით დაკომპლექტებული "აკადემია" ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. შესვენებისთვის, "ოლიმპი" დიდი ანგარიშით, 53:14 იგებდა. რაღა თქმა უნდა, დარჩენილ დროში, "ოლიმპმა" მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩში ყველაზე მეტი - 21 ქულა "აკადემიას" უკანახაზელმა კოკა ტომარაძემ დააგროვა. "ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო ჯერემი ბაინუმი იყო 16 ქულით. 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი ცენტრალური თავდამსხმელი მილან ოულიჩი გახდა.

აკადემია - ოლიმპი 62:93 (5:20, 9:33, 18:17, 30:23)

0.123227