მცირე პაუზის შემდეგ, რაც ტრავმით (კუნთი ჰქონდა დაჭიმული) იყო გამოწვეული, თურქული “დარუშაფაკას” რიგებს დაუბრუნდა ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი.
თურქეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში სტამბოლელები “უსაკ სპორტიფს” ესტუმრნენ და დაძაბულ მატჩში 70:72 წააგეს. მარკოიშვილმა მოედანზე მხოლოდ 11:56 წუთი გაატარა და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.
ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მან 5-ვე ორქულიანი ააცილა, სამქულიანი კი ზუსტად სტყორცნა.
“დარუშაფაკას” 1 მოგება შერჩა, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს ვიქტორ სანიკიძის “ტედ კოლეჯლილერის” წინააღმდეგ გამართავს.
გუშინვე ანკარელები “იესილგირესუნს” დაუხვდნენ და 80:74 იმარჯვეს, სანიკიძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
ვიკამ 25:47 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ტედ კოლეჯლილერმა” 2 მარცხის კვალად, პირველი გამარჯვება იზეიმა.