თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა” სტუმრად 2:0 აჯობა “სივასფორს” და მერვე ადგილზეა. შოთას გუნდს ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა და ცუდი სერია შეწყვიტა.
ლევან მჭედლიძეს კვლავ ტრავმა აწუხებს, ფეხი სტკივა და ამიტომაც არ იყო “ემპოლის” განაცხადში. ტოსკანელებმა “ჯენოასთან” 2:0 მოიგეს და მე-13 ადგილზე არიან.
კვიპროსზე უჩა ლობჟანიძის “ომონიამ” 6:0 გაანადგურა “პაფოსი”, რომლის სასტარტო შემადგენლობაში სამი ქართველი იყო: როინ კვასხვაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკა გელაშვილი. კვასხვაძე მე-10 წუთზე გააძევეს, როცა ანგარიში ჯერ 0:0 იყო. გელაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო გრიგალაშვილმა სრულად ითამაშა. გია გრიგალავა და ლევან ხმალაძე სათადარიგობში დარჩნენ. რაც შეეხება ლობჟანიძეს, მან შეუცვლელად ჩაატარა მატჩი. “ომონია” მეოთხე ადგილზეა, “პაფოსი” კი – მეშვიდეზე.
“ანორთოსისმა” “ერმისს” 3:0 სძლია. გიორგი აბურჯანიამ ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო ირაკლი მაისურაძე სკამზე გახლდათ და არ შეუყვანიათ. “ანორთოსისი” მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ აპოელ-ს.
პოლონეთში “პოგონმა” გასვლაზე 1:4 წააგო “კრაკოვიასთან” დამეორე ადგილზეა. “პოგონში” ლადო დვალიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ისე, საინტერესოა, რომ ამ ზაფხულს დვალიშვილი “კრაკოვიასაც” სურდა.
რუსეთში “მორდოვიამ” “ყუბანთან” 1:1 ითამაშა და ბოლოდან მესამე ადგილზეა. ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე “მორდოვიას” სათადარიგოებში იყვნენ.
სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცემ” “პოდბრეზოვას” შინ 2:0 სძლია და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა. ხუბუტიამ კვლავაც შეუცვლელად ითამაშა.
ვანო ხუციშვილი