ფეხბურთი

20:34 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თავისი მაინც გაიტანა

თბილისის "დინამომ" მეცხრე ტურში "ცხინვალს" 2:1 მოუგო და გორის "დილას" ქულებით ისევ გაუტოლდა. გია გეგუჩაძის გუნდმა სწრაფად გაიტანა გოლი, რომლის ავტორიც გიორგი ქვილითაია გახლდათ. კარგ ფორმაში შესულმა ქვილითაიამ ოთარ კიტეიშვილის პასით გახსნა ანგარიში, თუმცა მალე 1:1 გახდა: ცხინვალელთა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ივანიშვილმა გაათანაბრა.

30-ე წუთზე დინამოელები ახლოს იყვნენ დაწინაურებასთან, თუმცა მათე ცინცაძის დარტყმული პენალტი გიორგი ნადირაძემ მოიგერია. საერთოდ, ნადირაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში. პენალტის დანიშვნამდე, მსაჯმა ლევან კაკუბავა გააძევა და ცხინვალელებს საქმე გაურთულა, თუმცა ტაიმის ბოლოს 10:10-ზე დარჩნენ გუნდები, რადგან წითელი ბარათი უჩვენეს გიორგი გველესიანსაც.

მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი ოთარ კაკაბაძეა. პერსპექტიულმა მარჯვენა მცველმა ჩინებული დარტყმით დააწინაურა და როგორც აღმოჩნდა, გამარჯვება მოუტანა დინამოელებს - 2:1.

მასპინძლებს უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ და დამსახურებულადაც მოიგეს, თუმცა "ცხინვალიც" არ გამოიყურებოდა სუსტად. რაც შეეხება იუბილარ ალექსანდრე იაშვილს, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ტრადიციულად მწვავედ ითამაშა. იაშვილი 38 წლისა გახდა.

"დინამო" (თბილისი) - "ცხინვალი" 2:1 (1;1)

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თევზაძე, ცინცაძე (გიორგი გურული 46), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (საბა ლობჟანიძე 84), ჭანტურიშვილი, იაშვილი, ქვილითაია (ჯიღაური 66)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, მახარობლიძე (გორგიაშვილი 66), ლექვთაძე (შულაია 55; ზვიად ლობჯანიძე 85), ივანიშვილი, კაჭარავა

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 ქვილითაია (3), 1:1 ივანიშვილი (6), 2:1 კაკაბაძე (57)

30-ე წუთზე ცინცაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: კაკუბავა (22, 28), რენე (43), ქარდავა (90)

გაძევება: კაკუბავა (28), გველესიანი (44)

0.207856