ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის წევრს ხოსე ხიმენეს მუნიოსს ადანაშაულებენ იმ მსაჯებზე ზეწოლაში, რომელთაც სავარაუდოდ “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩის განსჯა მოუწევთ.
ამის შესახებ ესპანური საინფორმაციო საშუალებები ადვოკატ ხასინტო ვისენტეს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებიან.
ვისენტე ირწმუნება, რომ მუნიოსმა 21 ნოემბერს დანიშნული შეხვედრისთვის შერჩეულ არბიტრს თამაშზე “რეალის” სასარგებლოდ გავლენის მოხდენა მოთხოვა, უარის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ეს მის კარიერაზე ნეგატიურად აისახება. ესპანელი ადვოკატი მსაჯების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მათი სახელით უკვე მიმართა სამართალდამცავებს.
თავის მხრივ გამოცემა AS-თან საუბრისას ამ ყველაფერს გამოგონილ ისტორიას უწოდებს და ბრალდებას უარყოფს მუნიოსი.
“არ ვიცი საიდან ვრცელდება ასეთი ჭორები. როგორც შევიტყვე, მათ მსგავსი შინაარსის წერილი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაშიც გაგზავნეს. სანამ სრულ ინფორმაციას მივიღებ, შეფასებების გაკეთება მიჭირს, თუმცა თუკი ეს საუბარი გაგრძელდება, იძულებული გავხდები ცილისმწამებლებისგან თავის დასაცავად სასამართლოს მივმართო” – აცხადებს სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას.