უეფას სადისციპლინო კომიტეტი კიევის “დინამოსა” და ლონდონის “ჩელსის” მატჩის (0:0) დროს მომხდარ ინციდენტს იძიებს.
The Guardian-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრისას კიევის ოლიმპიური სტადიონის ტრიბუნებზე ლონდონელთა ფერადკანიან ქომაგებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ფაქტის ამსახველი მასალა სტადიონებზე რასიზმის გამოვლინებების წინააღმდეგ მებრძოლმა ევროპულმა ორგანიზაცია FARE-მ უკვე მიაწოდა უეფას და გამოძიება დაწყებულია. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, პიერ პოვარის განცხადებით, აუცილებელია უეფამ უმკაცრესი ზომები მიიღოს.
როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ყველაზე მსუბუქი სასჯელი რაც შეიძლება “დინამოს” დაუწესონ, რამდენიმე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებაა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კიეველები ევროტურნირების მატჩებზე გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობების გამო ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ დაისაჯდნენ, კლუბის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოკვეთასაც არ გამორიცხავენ.