სინგაპურში ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე გერმანელი ანგელიკა კერბერი და იტალიელი ფლავია პენეტა ითამაშებენ, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მივიღებ მონაწილეობას. ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ კორტზე საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ მომიწევს თამაში”- განაცხადა კერბერმა.
“სინგაპურში თამაში ოცნების ახდენაა. ტურნირი კარგი საშუალება იქნება, რომ ჩოგბურთს დავემშვიდობო. წყვილთა თანრიგში ეს ტურნირი მოგებული მაქვს. ერთი სული მაქვს სინგაპურში ერთეულთა თანრიგში როდის შედგება ჩემი დებიუტი”- განაცხადა პენეტამ.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოთამაშე 7 ჩოგბურთელი ცნობილია, ესენი არიან: მარია შარაპოვა, სიმონა ჰალეპი, პეტრა კვიტოვა, აგნეშკა რადვანსკა, გარბინე მუგურუზა, ანგელიკა კერბერი და ფლავია პენეტა. გასარკვევია ვინ იქნება ტურნირის ბოლო მერვე მონაწილე. სინგაპურში მოხვედრის შანსი სამ ჩოგბურთელს აქვს: კარლა სუარეს ნავაროს, ლუსი საფაროვას და კაროლინა პლიშკოვას.
წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 25 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დამთავრდება.
შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ტურნირში მონაწილებას ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ მიიღებს.