ფეხბურთი

18:11 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერო: "ვხედავ, საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი”

როგორც იცით, 47 წლის ფერნანდო იერო თბილისშია. ის სამშაბათს გამთენიისას ჩამოფრინდა და ამაღამ დატოვებს საქართველოს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლეგენდა დღეს "საბურთალო”-“მიდტიულანდის” უეფას ახალგაზდრული ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრება. იერო სწორედ “საბურთალოსა” და “რეალს” შორის გაფორმებული საქმიანი თანამშრომლობის მიხედვით იმყოფება საქართველოში.

იერო “საბურთალოს” გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძესთან ერთად წარსდგა პრესკონფერენციაზე.

თავიდან კახა ჭუმბურიძემ ისაუბრა: "ფერნანდო იერო არა მხოლოდ ფეხბურთის ლეგენდა, არამედ დიდი პიროვნებაცაა. დღეს ის რომ საქართველოში იმყოფება, არა მხოლოდ “საბურთალოს”, მთლიანად ჩვენი ფეხბურთისთვისაც წარმატებაა. პატარა კლუბი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, დღეს უკვე უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. მართალია, აქ მონაწილეობაა მთავარი, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ”.

ჭუმბურიძემ ახსნა, რომ იეროს ჩამოსვლის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის ევროპაში ინტერგრაციაა:

"ჩემი და იერის შეხვედრა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით შედგა მადრიდში. იცით, ქართულ ფეხბურთში როგორი მდგომარეობაც არის და განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ამხელა ავტორიტეტის მქონე პიროვნება. ეს იქნება რეკომენდაცია ჩვენს ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებზე და ასე შემდეგ. მრავალმხრივად შეიძლება იეროს ავტორიტეტით სარგებლობა”.

ფერნანდო იერო: "დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის და იმ ინტერესისთვის, რაც ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით გამოიჩინეთ. შეხვედრები მქონდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან. მინდა, მათ მივულოცო ახალი პოსტი და წარმატება ვუსურვო. ასევე, მქონდა პატივი, მომენახულებინა "საბურთალოს” გუნდი, დამეთვალიერებინა სტადიონი. ვიცი, რომ ამ კლუბმა ნულიდან დაიწყო, ხოლო დღეს უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს და ასევე, ქვეყნის უმაღლეს ლიგაშიც გამოდის. მინდა, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელთა შრომა დაფასდეს. ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ. ჩემი მიზანია, “საბურთალოს” დავეხმარო ევროპაში ინტეგრირების საკითხში და ზოგადად ქართულ ფეხბურთთან ვითანამშრომლო.

- ესპანეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს. რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ ფეხბურთზე და მათ შორის, ახალგაზრდა თაობაზე?

- რაც დავინახე, ქართული ფეხბურთი მცოდნე და მონდომებული ადამიანების ხელშია. ვგულისხმობ კალაძეს, კობიაშვილს, ხეჩიკაშვილს, ჭუმბურიძეს. ისინი ითვალისწინებენ, რომ ფეხბურთი შრომისა და თავდადების გარეშე არ მოდის, მუდმივად ჩართულნი არიან პროცესში. მთლიანობაში ჩანს, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი.

- თქვენი გადმოსახედიდან როგორ ჩანს: ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მთავარია ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა? რომლები უფრო ყალიბდებიან ძლიერ ფეხბურთელებად?

- პროფესიონალიზმი ყველა შემთხვევაში საჭიროა. ტალანტი ზოგადად ყველა სფეროში მნიშვნელოვანია და ასეა ფეხბურთშიც. მეორე მხრივ, შრომისმოყვარეობის გარეშეც ვერაფერი გამოვა. ორივე ერთად არის აუცილებელი.

- მადრიდის “რეალის” შანსებზე გვითხარით როგორც პრიმერა დივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში.

- როდესაც “რეალი” თამაშობს, ყოველთვის მგონია, რომ მოიგებს. პრიმერა დივიზიონის მოგების საკმაო შანსი აქვს კლუბს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ უფრო დიდია კონკურენცია. დღეს პსჟ-სთან თამაშობს “რეალი”, პარიზელებსაც დიდი გუნდი ჰყავთ და ძნელი მატჩი იქნება.

- ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვის გვერდშიც გითამაშიათ?

- რაული.

- თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელი?

- კრიშტიანუ რონალდუ.

- კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას მისი ასისტენტი იყავით. რაფა ბენიტესის მოსვლის შემდეგ კი პოსტიდან წახვედით. ბენიტესმა არ ისურვა თქვენთან მუშაობა თუ თავად არ ისურვეთ?

- არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. გადავწყვიტე, რომ ის ერთი წელი, რაც ვიმუშავე ასისტენტად, ამ მხრივ საკმარისი იყო. ჩემი ნებით წავედი.

- და მწვრთნელობას აპირებთ?

- არა, უბრალოდ გამოცდილება მივიღე "რეალის" სამწვრთნელო სკამზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.207236