ფეხბურთი

19:41 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “რაც დანიელებზე უკეთ შეგვიძლია, იმით უნდა მოვიგოთ”

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, “მიხეილ მესხის” სტადიონზე, “საბურთალო” უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს. მეტოქე დანიური “მიდტიულანდია”. პირველი შეხვედრა სკანდინავიაში 3:1 დასრულდა “მიდტიულანდის” სასარგებლოდ, ასე რომ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს რთული ამოცანა ექნება გადასაჭრელი – შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორბურთიანი მოგება სჭირდება.

როგორც იცით, ამ ასაკში 1997 წელს დაბადებულებს შეუძლიათ თამაში და ასევე, 1996-წლიანი სამი ფეხბურთელის დამატებაც შეიძლება.

მატჩისწინა დღეს დანიელებმა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე ივარჯიშეს, ხოლო საბურთალოელებმა მთავარ მოედანზე. ვარჯიშამდე, ჭიაბრიშვილმა და “საბურთალოს” ფორვარდმა გურამ გოშთელიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: - გუნდში კარგი განწყობაა. ტრავმების მხრივ გვქონდა პრობლემა, რომელიც დავძლიეთ და სრული შემადგენლობით ვემზადებით. ვფიქრობ, კარგ თამაშს ვაჩვენებთ გულშემატკივრებს. ძალიან მინდა, რომ სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვიდეს, თანადგომა გვჭირდება.

- გიორგი ხარაიშვილი ტრავმირებული იყო. შესძლებს თამაშს?

- ხარაიშვილმა ვარჯიში დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ სრულად აღიდგინა ფორმა, მაგრამ ეს ის თამაშია, რომელშიც მოგების წყურვილმა ყველაფერს უნდა აჯობოს. მჯერა, ხარაიშვილი ითამაშებს და სარგებელს მოუტანს გუნდს.

- ყველამ იცის, რომ “საბურთალო” გაცილებით კარგად თამაშობს ხელოვნურ საფარზე. არ იყო შანსი, რომ რომელიმე ხელოვნურსაფარიან მინდორზე გემასპინძლათ დანიელთათვის?

- ასეთი რანგის მატჩებზე საკმაო მოთხოვნებია უეფა-სგან და შესაბამისად, “ბენდელაზე” ვერ ვუმასპინძლებდით მეტოქეს. მინდა გავიხსენო დანიური მატჩი, რომელშიც მეტოქემ გვაჯობა და მოგვიგო, მაგრამ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მოვუნდით გარკვევას, როგორ გვეთამაშა სველ ბალახზე. მეორე ტაიმში ავუღეთ ალღო. ახლა უკვე მივეჩვიეთ ბუნებრივ საფარს, “საპოვნელასთან” განგებ ვითამაშეთ “მიხეილ მესხზე”, რათა დანიელებთან მატჩის წინ ალღო აგვეღო. წინასწარ რაიმეს თქმა და ზედმეტი სიტყვები არ მიყვარს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

- რაში გაჯობათ “მიდტიულანდმა” და რის ხარჯზე შეიძლება საპასუხო შეხვედრაში ჰანდიკაპით გამარჯვება?

- გვაჯობა სისწრაფეში და თავიდან გაგვიჭირდა. შემდეგ ავყევით ტემპში, თუმცა ის ათლეტიზმი, რაც დანიელებს აქვთ, ჩვენ ვერ გვექნება, რადგან გენეტიკურად არ ვართ ასეთები. რაც დანიელებზე უკეთ შეგვიძლია, ტექნიკური ფეხბურთის თამაშია და ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ.

გურამ გოშთელიანი: "ვფიქრობ, დაძაბული და საინტერესო თამაში იქნება. კარგად ვემზადებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ”.

კენეტ ანდერსენი (“მიდტიულანდის” მწვრთნელი): “საბრძოლო განწყობა გვაქვს. ტრავმირებული არავინაა. ვიცით, რომ “საბურთალო” კარგი გუნდია და სწორედ ამ გუნდით გვაქვს შექმნილი ქართულ ფეხბურთზე წარმოდგენა. ჩემპიონატი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ მოვიგეთ, რაც ჩვენს კარგ ფორმაზე მიუთითებს. გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებიც “მიდტიულანდის” ძირითად გუნდშიც თამაშობენ. ასევე, დანიის ასაკობრივ ნაკრებებში გვყავს მოთამაშეები”.

0.21316