მორიგი ქართული "კლასიკოს" წინ ქუთაისის "ტორპედოში” სერიოზული საკადრო ცვლილება მოხდა. მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასული გიორგი დარასელიას ნაცვლად რიონისპირელთა საფეხბურთო გუნდი უკრაინელმა სპეციალისტმა ალექსანდრე შტელინმა ჩაიბარა, რომელიც 2002-2003 წლებში უკვე წვრთნიდა "ტორპედოს". ბუნებრივია, პრინციპული პაექრობის წინ ასეთი ძვრები სასურველი არ არის, მაგრამ ეს შექმნილი სიტუაციით იყო განპირობებული. ასე რომ, შტელინსაც და ტორპედოელებსაც საკმაოდ რთული სადებიუტო მატჩი ხვდათ წილად.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმიანი ამინდების შემდეგ, როგორც იქნა იმერთა მთავარ ქალაქში გამოიდარა და გუნდებსაც მშვენიერი სათამაშო პირობები შეექმნათ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩმა ქომაგებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა შუადღისას 15:00-ზე დაიწყო. ტრადიციულად, ამ გუნდების დუელისას ყოველთვის მობილიზებულია ძალოვანი უწყებები, რათა კლუბების ქომაგებს შორის რაიმე ინციდენტი არ მოხდეს. წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული მატჩი მართლაც გამორჩეული გახლდათ ამ კუთხით - ორივე გუნდის გულშემატკივრები სიმღერებითა და შეძახილებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რამაც გარკვეულწილად დადებითი მუხტი შესძინა პაექრობას. ძალიან კარგი სანახაობა გახლდათ მისალმების სცენა ფანებს შორის, რომელიც შეძახილებით მოხდა. თამამად შეიძლება ითქვას, საწყისი 45 წუთის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი სწორედ ეს გახლდათ.
პრინციპულ დუელში დინამოელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ 4-4-2 სათამაშო ტაქტიკა აირჩია. ტვილდიანი-გველესიანი-რენე ფერეირა-თევზაძის ოთხეული გუნდის დაცვით ხაზს ამაგრებდა. საყრდენებად გამოცდილ თავკაცს ჯიღაური და ცინცაძე ჰყავდა დაყენებული, ხოლო ფლანგებზე პარუნაშვილი და ჭანტურიშვილი მოქმედებდნენ. წინ იაშვილი-ქვილითაიას დუეტი ირჯებოდა, ოღონდ უფრო წინ ტანმაღალი ქვილითაია მოქმედებდა, ხოლო გამოცდილი იაშვილი მას უკნიდან პასებით ამარაგებდა.
რაც შეეხება მასპინძლებს, თავის სადებიუტო პაექრობაში ალექსანდრე შტელინმა 4-2-3-1 განლაგება აირჩია. ტაბატაძე-ადამაძე-ჭიჭინაძე-კახელიშვილის დაცვის კვარტეტი საკუთარი საჯარიმოს და კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული. საყრდენებად კლიმიაშვილი და მამასახლისი იყვნენ გამწესებულნი, მათ წინ კი სიჭინავა-კუხიანიძე და ქიმაძე მოქმედებდნენ, რომლებიც ეულად წინ მყოფი თორნიკე კაპანაძის ასისტენტობას ცდილობდნენ.
შეხვედრა მასპინძლების მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო და მათ უკვე მე-4 წუთზე მიეცათ სახიფათო სტანდარტულის შესრულების უფლება, რომელიც დათა სიჭინავამ შეასრულა. ქუთაისელთა ნახევარმცველის დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. მეორე სტანდარტული კლიმიაშვილმა შეასრულა და ბეგაშვილმა არასაიმედოდ ითამაშა გამოსვლაზე, მაგრამ ქუთათურთა შემტევებიდან ამ მომენტით ვერცერთმა ისარგებლა. საპასუხო შეტევისას ხიფათი შეიქმნა მასპინძელთა კართანაც, როდესაც ქვილითაიამ ითამაშა მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩინებულად. მან მეურვეს მცირედით გადაასწრო და განივი გადაცემის გაკეთება ცადა. ბურთი ტაბატაძეს შეეხო და ისეთი უცნაური ტრაექტორიით წავიდა, რომ თევდორაძეს გაჭირვებით მოუხდა ამ ბურთის კუთხურზე გადაგდება. შემდეგი სახიფათო მომენტი ისევ დინამოელებმა შექმნეს, როდესაც იაშვილის გადაცემის შემდეგ ისევ ქვილითაია მოექცა ყურადღების ცენტრში. ახალგაზრდა ფორვარდმა ტანი კარგად ჩაუდგა მცველებს და დასარტყმელი პოზიციაც შეიქმნა, მაგრამ მის მიერ ცაციათი დარტყმული არაზუსტი გამოდგა.
სადებიუტო აქტიურობის შემდეგ თამაშის ტემპი არ დაცემულა, მაგრამ სახიფათო მომენტების მხრივ ძალზე "მშრალი" პერიოდი დადგა. ტაიმი ისე მიიწურა, რომ გუნდებს კიპერები სერიოზულად არ შეუწუხებიათ. შეიძლება ეს ყველაფერი ქარსაც კი დავაბრალოთ, მაგრამ რეალურად ქარი ნამდვილად არ უშლიდა ფეხბურთელებს ხელს ოსტატობის გამოვლენაში. ერთადერთხელ ქვილითაიას ჰქონდა 43-ე წუთზე თავურით გატანის მცდელობა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა, ტაიმი კი უგოლოდ 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ისევ დუნე და მონოტონურ რიტმში განახლდა. გუნდებს შეტევის დროს ფანტაზია აშკარად აკლდათ, რის გამოც დაცვითი ხაზის ფეხბურთელებს საერთოდ არ უჭირდათ მოწინააღმდეგეების იერიშების შეკავება. შედარებით სახიფათო მომენტი შეიქმნა 55-ე წუთზე სტუმართა კართან, როდესაც მათ საჯარიმოში ჩაწოდება გააკეთა დათა სიჭინავამ. ქუთაისელთა ნახევარმცველის მცდელობას მიმართულება თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეუცვალა და ბურთმა მოედანი დატოვა. თამაშის ამ მონაკვეთში ქუთაისელთა გულშემატკივრების ნაწილმა მაშხალების გასროლა დაიწყო, რის გამოც არბიტრმა რამდენიმე წუთით შეაჩერა თამაში.
მოპაექრეების თავკაცებმა მოედანზე სიტუაციის შესაცვლელად შეცვლებს მიმართეს. ვერ ვიტყვით, რომ სათამაშო სურათი რაიმეთი შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევა 68-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლით დასრულდა. მასპინძელთა იერიში საკუთარი ნახევრიდან კუხიანიძემ წამოიწყო, რომელმაც ბურთიანად მთელი მოედანი გადასერა და შეტევის მარცხენა ფლანგზე ქიმაძეს უპასა. ტორპედოელთა მარცხენაფლანგელმა ზუსტად დაასვა ბურთი ფეხზე დინამოელთა საჯარიმოში შეჭრილ დათა სიჭინავას, რომელმაც ცაციათი მოხდენილად დაარტყა და ბეგაშვილის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა. ბურთი თბილისელთა კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაეხვია - 1:0.
გოლის გატანის შემდეგ თამაში უფრო გაიხსნა და მასპინძლებს კიდევ მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. უპირველესად ეს ტაბატაძის მომენტზე ითქმის, როდესაც ქუთაისელთა მცველი შეუჩერებლივ ურტყამდა საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს, თუმცა ბურთი ფეხზე აეჭრა და დარტყმაც არაზუსტი გამოვიდა. ამის შემდეგ ის მომენტიც უნდა გამოვყოთ, როდესაც კაპანაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და გველესიანმა იგი წააქცია. არბიტრმა მცველი ყვითელი ბარათით დასაჯა, თუმცა რეალურად მეტი სიმკაცრის გამოჩენაც შეეძლო, რადგანაც ეს ძალიან ჰგავდა ბოლო იმედის ჯარიმას. ისე კვარაცხელიას მანამდეც მოუხდა ბარათების ჩვენება, როდესაც რენე ფერეირა და კუხიანიძე შეკამათდნენ, მაგრამ ეს მცირე კონფლიქტი მალევე განიმუხტა. ბარათი კი ბრაზილიელს და ბაბუნაშვილს უჩვენა, პირველს კონფლიქტის წამოწყების, ხოლო მეორეს მასთან შეკამათების გამო.
წაგების საფრთხის წინაშე მდგარმა დინამოელებმა მეტოქეზე შტურმის მოწყობა ცადეს. თავდაპირველად მოედანზე ახლადშემოსული ლობჟანიძე ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ბურთი ერთ-ერთ ტორპედოელს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. შემდეგ ყველაზე რეალური ხიფათი თბილისელებს 85-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც მათე ცინცაძემ სტანდარტული შეასრულა ოსტატურად, მაგრამ თევდორაძემ დიდებული ნახტომი განახორციელა და მუშტებით მოიგერია ბურთი, დამატებაზე თევზაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. მიმდინარეობდა არბიტრის დამატებული მეოთხე წუთი, როდესაც არაბულმა და ქვილითაიამ დიდებულად გაითამაშეს კომბინაცია, რომლის შედეგადაც არაბული თევდორაძესთან პირისპირ აღმოჩნდა. ბაჩანამ თავისი შანსი არ გაუშვა და ცაციათი ქულა გადაურჩინა "დინამოს" - 1:1. ანგარიშის გათანაბრებამ ქომაგები არბიტრზე გაანაწყენა და მას ბრალს დებდნენ თითქოს, გოლი უკვე გადაცილებულ დროში გავიდა. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მატჩი სანახაობრივი მაინც გამოვიდა და საერთო შეჯამებით ლოგიკური ფრე დაფიქსირდა.
გია გეგუჩაძე: “მოლოდინისამებრ ამ დაპირისპირებამ დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. მთელი მატჩის განმავლობაში ვცდილობდით ბურთი გვეკონტროლებინა, მაგრამ მოედნის უხარისხობის გამო არ გამოგვდიოდა. მთელ რიგ მომენტებში კიდევ მეტოქე არ გვაძლევდა ამის საშუალებას. კონტრშეტევა გაგვეპარა, მაგრამ უკანასკნელ წუთზე გადავრჩით და ქულა გადავარჩინეთ”.
ალექსანდრე შტელინი: “დაძაბული თამაში იყო. მატჩის მსვლელობის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ ხომ ქვეყნის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით. ალბათ უფრო მოვიპოვეთ ქულა. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც მაქსიმალურად შეასრულეს ჩვენი დავალებები. დიდი მადლობა ქომაგებს აქტიური მხარდაჭერისათვის, მაგრამ ის მაშხალები რომ არ გადმოეგდოთ, იქნებ არბიტრს არც დაემატებინა 4 წუთი. მე არ ვამტკიცებ, რომ გოლს არ გავუშვებდით, მაგრამ… მოკლედ შედეგით კმაყოფილი ვარ”.
“ტორპედო” – “დინამო” 1:1 (0:0) VIDEO
20 ოქტომბერი. 15:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 6000 მაყურებელი
“ტორპედო”: თევდორაძე, ტაბატაძე, ადამაძე, დათა სიჭინავა (ბაბუნაშვილი, 71), მამასახლისი, კლიმიაშვილი, ქიმაძე, კუხიანიძე, კაპანაძე (ფურცხვანიძე, 90+1), ჭიჭინაძე (ნერგაძე, 65), კახელიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი
“დინამო”: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გველესიანი, რენე ფერეირა, თევზაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი, 58), ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი (არაბული, 71), იაშვილი (ლობჟანიძე, 65), ქვილითაია.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლი: 1:0 სიჭინავა (68), 1:1 არაბული (90+4).
გაფრთხილება: რენე ფერეირა (75), ბაბუნაშვილი (75), გველესიანი (80).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)
კოლხეთი - ლოკომოტივი 4:0 (4:0)
გოლები: 1:0 კოშკაძე (18), 2:0 ნიკოლოზ სიჭინავა (24), 3:0, 4:0 გიგაური (40, 43)
დინამო (ბთ) - სამტრედია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0 ბერიაშვილი (5, 71)
მერანი-შუქურა 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ბაგაევი (27 ავტოგოლი), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ელგუჯა ლობჯანიძე (90+3)
ზუგდიდი - სიონი გადაიდო
18 ოქტომბერი. 15:00
დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი)
მსაჯი: ლ.სილაგავა
ცხინვალი – ჩიხურა (საჩხერე)
მსაჯი: ბ.ნინუა
დინამო თბ | 8 | 6 | 1 | 1 | 21 | 6 | 15 | 19 |
სიონი | 7 | 5 | 2 | 0 | 11 | 3 | 8 | 17 |
სამტრედია | 8 | 5 | 1 | 2 | 22 | 12 | 10 | 16 |
დილა | 7 | 5 | 1 | 1 | 11 | 6 | 5 | 16 |
ცხინვალი | 7 | 5 | 0 | 2 | 20 | 12 | 8 | 15 |
შუქურა | 8 | 4 | 1 | 3 | 9 | 7 | 2 | 13 |
ჩიხურა | 7 | 4 | 1 | 2 | 12 | 4 | 8 | 13 |
საბურთალო | 8 | 4 | 1 | 3 | 10 | 12 | -2 | 13 |
დინამო ბთ | 8 | 3 | 3 | 2 | 14 | 7 | 7 | 12 |
ტორპედო | 8 | 2 | 3 | 3 | 9 | 11 | -2 | 9 |
გურია | 7 | 2 | 2 | 3 | 7 | 8 | -1 | 8 |
კოლხეთი ფ | 8 | 2 | 1 | 5 | 6 | 11 | -5 | 7 |
საპოვნელა | 8 | 1 | 2 | 5 | 5 | 17 | -12 | 5 |
ლოკომოტივი | 8 | 1 | 1 | 6 | 7 | 15 | -8 | 4 |
მერანი | 8 | 1 | 0 | 7 | 6 | 23 | -17 | 3 |
ზუგდიდი | 7 | 0 | 2 | 5 | 7 | 23 | -16 | 2 |