ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სხვა და სხვა ბრიტანულმა გამოცემებმა ბევრი ისაუბრეს იმის შესახებ თუ რაოდენ გააუმჯობესეს თამაში ე.წ. მეორე დონის ქვეყნებმა და რომ მათი განვითარებისთვის უფრო მეტი თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აი, “სქრამ ქომის” (ESPNscrum.com) მესვეტემ, ღვაწლ-მოსილმა ავსტრალიელმა მწერალმა გრეგ გრაუდენმა კი უშუალოდ მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შემდგომი ფორმატის შეცვლის შესახებ საგულისხმო იდეა გააცნო საზოგადოებას. გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს სადაც ჟურნალისტი ჯგუფური ეტაპის დასამახსოვრებელ მომენტებსა და უშუალოდ თავისი იდეის შესახებ საუბრობს:
“სხვაობა მცირდება! ნაკლებად ფავორიტი გუნდები მყარად დგანან და დადგა დრო, რომ მათთვის მსოფლიო თასმა უფრო მეტი რამ გააკეთოს.
ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება ამ მსოფლიო თასზე იმის ნახვა იყო, რომ მეორე დონის ქვეყნებმა – ფიჯიმ, იაპონიამ, საქართველომ, აშშ-მ, რუმინეთმა და კანადამ მნიშვნელოვანად გააუმჯობესეს თამაში. მათმა თავდადებამ ნამდვილად საკარნავალო ატმოსფერო შექმნა ყველა იმ ქომაგისთვის ვინც ე.წ. ნაკლებად ფავორიტ გუნდებს უჭერდნენ მხარს.
რა თქმა უნდა, უდაოდ გამოსარჩევი იყო იაპონიის მხრიდან სამხრეთ აფრიკის დამარცხება. სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის მატჩმა სულ აურ-დაურია ყველაფერი. ასობით უელსელი, კანადელი და ირლანდიელი ქომაგობდა იაპონელებს. განვითარების ნათელი მაგალითისთვის გავიხსენოთ, რომ სულ რაღაც 8 წლის წინ იაპონელებმა მსოფლიო თასზე 88 ქულიანი სხვაობით წააგეს ავსტრალიელებთან;
ამის შემდეგ ის დაუვიწყარი მომენტი, იყო როდესაც ქართველთა ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ლელო დადო “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ;
მიუხედავად იმისა, რომ ფიჯიმ თითქმის ყველა შეხვედრა წააგო, მათ დაამტკიცეს, რომ ასეთი შერკინებით ძალიან ბევრ ქვეყანას გაუწევენ კონკურენციას. დიდი ხნის განმავლობაში ფიჯური რაგბი ბრწყინავდა 7-კაცაში, ხოლო 15-კაცაში მაინცდამაინც არაფერი გამოსდიოდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც ახალ ზელანდიელი მწვრთნელი, ჯონ მაკ’ქეი მოვიდა გუნდის სათავეში;
ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო, თუ როგორ უჭერდა უამრავი ქომაგი ტრიბუნებიდან მხარს ნაკლებად ფავორიტ გუნდებს. განსაკუთრებით დიდი დასწრება იყო იმ მატჩებზე სადაც, ქომაგებს მათი გუნდების მიერ ფავორიტი ნაკრებებისთვის “გულის დაწყვეტის” იმედი ჰქონდათ. გავიაზროთ, რომ ნეიტრალური ქომაგიც კი უჭერს ასეთ გუნდებს მხარს.
მსოფლიო თასის ფორმატი უნდა შეიცვალოს! მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა უნდა გადმოიღონ ზოგიერთი იდეები 7-კაცას მსოფლიო სერიის ფორმატიდან. წლების განმავლობაში 7-კაცაზე ყველა გუნდი დიდი სტიმულით ასპარეზობდა ტურნირის ბოლომდე, ვინაიდან ისინიც, ვინც პლეიოფში ვერ გავიდოდნენ, მოტივირებულნი იყვნენ ეთამაშათ სინის, ფიალისა თუ ფარისთვის, რაც დამეთანხმებით, რომ უფრო ყურებადს ხდის შეჯიბრს.
ხოდა იგივე მსოფლიო თასზე რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? იმის ნაცვლად, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ 12-მა გუნდმა დატოვოს ტურნირი და მოდი ვთქვათ, რომ უმეტესობა მათგანს უახლოესი 4 წლის განმავლობაში ვერ ვიხილავთ, დავტოვოთ ეს ნაკრებები და მათთვის მსოფლიო თასის ფარგლებში სინის, ფიალისა და ფარის გათამაშება ჩავატაროთ.
სინის გათამაშებაში ჯგუფში მესამე ადგილის მქონე გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას, სადაც ორი ნახევარფინალი და ფინალი გაიმართებოდა; მეოთხე ადილოსნები ფიალას გაითამაშებდნენ, ხოლო მეხუთეზე გასულები ფარის მისაღებად იბრძოლებდნენ.
მეორე დონის სარაგბო ქვეყნებმა რომ განვითარება მოახერხონ, მათთვის უფრო მეტი საერთაშორისო მატჩია საჭირო – ეთამაშნონ ძლიერ მეტოქეებს და თანაბარი დონის გუნდებს. მსოფლიო თასიდან გუნდი შინ რაიმე სახის “ვერცხლის” ჯილდოთიც რომ დაბრუნდება, წარმოგიდგენიათ რამხელა გასაქანს მისცემს ეს რაგბს მათ ქვეყნებში.
ასეთი მატჩები შესაძლოა ნაკლებად ცნობილ სტადიონებზე გაიმართოს და ბილეთის ფასიც ბევრად იაფი უნდა იყოს. მიღებული შემოსავალი კი ისევ ამ გუნდებს უნდა მიეცეთ.
როგორ იმუშავებდა ეს ფორმატი მიმდინარე მსოფლიო თასზე, რომ გამოეყენებინათ?
სინის ნახევარფინალები:
ინგლისი-იაპონია
საქართველო-იტალია
ფიალის ნახევარფინალები
ფიჯი-სამოა
ტონგა-რუმინეთი
ფარის ნახევარფინალები
ურუგვაი-აშშ
ნამიბია-კანადა
სქრამ ქომის მიხედვით>>> წყარო