ვიქტორ სანიკიძის ახალმა კლუბმა “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტამბოლში “ფენერბაჰჩესთან” 81:97 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
თურქული ლიგის უმთავრეს ფავორიტთან თამაშში სანიკიძემ მოედანზე 32:55 წუთი გაატარა და 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
“ვიკამ” 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსინალური ფოლი მიიღო.
ანკარელთა მხრიდან 19 ქულა ჩააგდო ჩანერ ერდენიზმა, 10-ქულიან ზღვარს კი ჯეი ლუკასი (17) და ვლადიმირ დრაგიჩევიჩიც (14) ასცდნენ.
“ფენერბაჰჩეს” გამარჯვებაში ლომის წვლილი ჩეხეთის ნაკრების ლიდერმა იან ვესელიმ დაიდო, რომლის მონაგარიც 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი იყო.
სანიკიძის კლუბი მე-2 ტურის მატჩს 17 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც შინ “უსაკ სპორტლაიფს” დაუხვდება.