ფეხბურთი

10:08 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “იუვენტუსის” პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სტარტი აიღო. ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე “ბიანკონერიმ” ორივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეშია, საშინაო ასპარეზზე კი “ბებერ სინიორას” საქმეები ჯერჯერობით ცუდად მისდის – გუნდი მეთორმეტე პოზიციაზეა და ლიდერ “ფიორენტინას” 10 ქულით ჩამორჩება. მორიგ მატჩს ტურინელები პრინციპულ მოწინააღმდეგესთან მილანის “ინტერთან” მომავალ კვირას ჩაატარებენ.

“სკუდეტოს მოსაგებად სტაბილური შედეგის ჩვენებაა აუცილებელი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ “ინტერთან” სამომავლო დაპირისპირებას, თუმცა ეს მაინც ერთი რიგითი შეხვედრაა და სხვა მატჩებშიც სათანადო გარჯა გვმართებს. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელი ბოლომდე არ ჩაგვიქნევია, რადგან ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, თუმცა, ტურინის “იუვენტუსის” უმთავრესი საამსეზონო პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა”, - განაცხადა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ Sky Italia-სთან საუბრისას და საკუთარ გუნდში ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც გაამახვილა ყურადღება: ”ალვარო მორატა ჯანმრთელად არაა, თუმცა სამედიცინო პერსონალი ყოველმხრივ ცდილობს, მან “ინტერის” წინააღმდეგ ითამაშოს. პოლ პოგბას კოჭი აწუხებს. 3-4 დღე ის ცალკე ჯგუფში ივარჯიშებს და მოგვიანებით გვეცოდინება, აღდგენითი პროცესი როდის დასრულდება. ვიმედოვნებ, ალვაროცა და პოლიც მომავალ კვირისთვის მწყობრში ჩადგომას მოასწრებენ”.

0.134066