ფეხბურთი

15:53 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

4:0-ის შემდეგ: მცირე სტატისტიკური რაკურსი

2006 წლის 16 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ მატჩში 4 გოლი არ ჰქონდა გატანილი. მაშინ იყო ფარერებთან გასვლაზე 6:0 მოგება და ჰეთ-თრიქი შოთა არველაძემ შეასრულა. იმავე წელს, კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილებმა ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 მოუგეს ურუგვაის და ლევან კობიაშვილმა გაიტანა ორივე.

2007 წლის 28 მარტს კი საქართველო-ფარერები 3:1 რომ დასრულდა, ალექსანდრე იაშვილი მიითვალა დუბლი. აი, იქიდან მოყოლებული გუშინდელ დღემდე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დუბლი არ შეუსრულებია. ეს სერია მათე ვაწაძემ შეწყვიტა – მან ორჯერ გაუტანა გიბრალტარს და ცოტა დააკლდა ჰეთ-თრიქამდე.

მართალია, გიბრალტარი ძალიან სუსტია, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკად იყოს.

უშუალოდ მატჩის მონაცემებს რაც შეეხება, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იყო: 67-33. ქართველებმა 23-ჯერ დაარტყეს და 10 ჩარჩოში წავიდა. გიბრალტარელებმა კი 4 დარტყმიდან 3 მოახვედრეს ჩარჩოში, ანუ ნუკრი რევიშვილს სამჯერ დასჭირდა მოგერიება.

700 პასამდე ავედით, საიდანაც 646 ზუსტი იყო. აი, გიბრალტარმა კი მხოლოდ 288 პასი გააკეთა და აქედან 221 მივიდა მათთვის სასურველ ადრესატამდე.

ყველაზე მეტი, 115 გადაცემა გააკეთა ნიკა კვეკვესკირმა და აქედან 13 იყო არაზუსტი. ვაკო ყაზაიშვილის 27 პასიდან მხოლოდ ერთი იყო არაზუსტი, ასპროცენტიანი შედეგი კი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა – მეკარე რევიშვილსა (14/14) და ალეკო ამისულაშვილს (69/69). პროცენტულად ყველაზე ბევრი თორნიკე ოქრიაშვილმა დაკარგა – 36 მცდელობიდან 10 პასი გააცუდა, ანუ 72 პროცენტი ჰქონდა სიზუსტისა.

ყველაზე მეტჯერ ყაზაიშვილმა დაარტყა (8). აქედან 5 კარის ჩარჩოში წავიდა და ერთი გოლიც გავიდა.

ვანო ხუციშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109868