ირლანდია – გერმანიის ევროშესარჩევი მატჩის (1:0 VIDEO) შემდეგ მეტოქეთა ბანაკებში ცხადია ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობა სუფევდა. თუკი ირლანდიელთა თავკაცი მარტინ ონილი მისი შეგირდების გამარჯვებით კმაყოფილებას ვერ ფარავდა, გერმანელთა მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი იმედგაცრუებული იყო და აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდისთვის ბოლო წლების ყველაზე მტკივნეული და უდროო მარცხი იყო.
“ვიცოდით, რომ ირლანდიელები დაცვიდან ითამაშებდნენ და აქცენტს გრძელ გადაცემებზე გააკეთებდნენ. სამწუხაროა, რომ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უნდა დავსხდეთ და ამ მატჩის ანალიზი გავაკეთოთ. საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლაში ყველაფერი ისევ ჩვენს ხელთაა” – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლიოვმა.
“მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება სენსაციაა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ფონომენალური სამუშაო შეასრულეს. უდიდეს ზეწოლას გავუძელით, სიმშვიდე და სიმამაცე გამოვავლინეთ. ამ გამარჯვებით მინიმუმ გადათამაშებაში მოხვედრა გავინაღდეთ, კვირას კი პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ” – განაცხადა მარტინო ონილმა.
ირლანდიამ დუბლინში გამართულ მატჩში გერმანიის ნაკრები შეინ ლონგის მიერ 70-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ბოლო ტურის წინ 18 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ პოლონეთს და ბოლო ტურში 11 ოქტომბერს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
D ჯგუფი
1. | გერმანია | 9 | 6 | 1 | 2 | 22:8 | 19 | |
2. | პოლონეთი | 9 | 5 | 3 | 1 | 31:9 | 18 | |
3. | ირლანდია | 9 | 5 | 3 | 1 | 18:5 | 18 | |
4. | შოტლანდია | 9 | 3 | 3 | 3 | 16:12 | 12 | |
5. | საქართველო | 9 | 3 | 0 | 6 | 9:14 | 9 | |
6. | გიბრალტარი | 9 | 0 | 0 | 9 | 2:50 | 0 |
11 ოქტომბერი. ბოლო ტურის მატჩები
პოლონეთი - ირლანდია
გერმანია - საქართველო
გიბრალტარი - შოტლანდია