კალათბურთი

9:26 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვითას იმედისმომცემი მატჩი

“ვთბ-ლიგის” რეგულარული პირველობის მატჩის ჩასატარებლად თბილისს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო კლუბი ცსკა ეწვია. ვითა ჯერჯერობით კვლავ ჩამოყალიბების სტადიაზეა, ამიტომაც პაველ გოოგეს შეგირდებისგან, ცხადია, მოგებას არავინ ითხოვდა, თუმცა მაყურებელმა სპორტის სასახლეს ორივე გუნდის მხრიდან კარგი კალათბურთის ჩვენების იმედით მიაშურა და ქომაგთა მოლოდინი დიდწილად გამართლდა კიდეც. მოსკოველები თავიდანვე 13:0 დაწინაურდნენ. სასტარტო წუთებზე არადამაჯერებელი თამაშის ვითელებმა მდგომარეობა გამოასწორეს, მეორე მეოთხედის დასაწყისში 9 ქულიანი გაქცევაც კი მოაწყვეს და ანგარიში 21:26 გახადეს. სააბოლოოდ ნანდო დე კოლოს, ვიტალი ფრიძონის, ანდრეი ვორონცევიჩისა და მათი პარტნიორების მაღალმა კლასმა და დიდმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ცსკამ “ვთბ-ლიგაზე” პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვითას თამაშს რაც შეეხება, ახლადჩამოყალიბებული გუნდის კვალობაზე თბილისელები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ და წინა მატჩთან შედარებით უკეთაც ითამაშეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დიმიტრიოს იტუდისი (ცსკას მთავარი მწვრთნელი): “ტრავმების გამო თბილისს შესუსტებული სიტუაციით ვესტუმრეთ. ნებისმიერ მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, ამიტომაც ვითასთან სათამაშოდ მთელი სერიოზულობით მოვემზადეთ. “ვთბ-ლიგის” ჩვენთვის სასტარტო მატჩში ყველა მოთამაშე თანაბრად დავტვირთე. ვითამ დრო და დრო პრობლემები შეგვიქმნა, მათი დაძლევა მოვახერხეთ და ეს გამოცდილება სეზონის მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება. თბილისში პირველად ვარ, ქართველებს რაც შეეხება, მანუჩარ მარკოიშვილი წინა სეზონში ჩვენი წევრი იყო და ასეთ კარგ ადამიანთან და მაღალი კლასის კალათბურთელთან ურთიერთობა და მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოცაა და პატივიც. თავის დროზე გიორგი შერმადინი ჟელკო ობრადოვიჩმა ჩემი რეკომენდაციით აიყვანა. ვითას რაც შეეხება, სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და მას სამომავლო წარმატებებს ვუსურვებ”.

ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკას კალათბურთელი): “აქცენტი დაცვით თამაშზე გავაკეთეთ. ვითას წინა შეხვედრა გავაანალიზეთ, მეტოქე შესწავლილი გვყავდა. ვითა ახალგარზრდა გუნდია, დარწმუნებული ვარ, მოუმატებს. მეტოქის რიგებში 15 ნომერს (პიერია ჰენრი) გამოვყოფდი. შეცდომები გვქონდა, თუმცა სასტარტო მატჩისთვის არცთუ ბევრი. ჩვენ გუნდში ქულა თერთმეტმა მოთამაშემ დააგროვა, რაც ცსკას გუნდურ ასპარეზობაზე მიუთითებს. თბილისის დათვალიერება ვერ მოვასწარით, მაგრამ რაც ვნახეთ, მოგვეწონა”.

პაველ გოოგე (ვითას მთავარი მწვრთნელი): “წინა მატჩი 43 ქულით წავაგეთ, დღეს 33 პუნქტით წავაგეთ, პროგრესი სახეზეა. ეს რასაკვირველია ხუმრობით. ცსკასთან დაპირისპირებისას დაცვას 25, შეტევას 30 პროცენტით ვაკონტროლებდით, თუკი ამ მაჩვენებლებს 50 პროცენტამდე ავიყვანთ, საბოლოოდ პლუს 10 ქულა გვექნება. ჩვენი მიზანი ფარქვეშ კარგად თამაში იყო, რასაც გარკვეულწილად მივაღწიეთ კიდეც. ბიჭები დრო და დრო შოუს ელემენტების ჩვენებასაც ახერხებდნენ და ამით მაყურებელს გამოაცოცხლებდნენ ხოლმე. ჩვენი გუნდის ქართველი წევრებიდან მიშა ბერიშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი მსურს გამოვარჩიო. ქართველთა დიდ საკალათბურთო ტრადიციას ვეცი პატივი, სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს თბილისის “დინამოს” და მოსკოვის ცსკას პრინციპული დაპირისპირებები, ამიტომაც სასტარტო ხუთეული ქართველი კალათბურთელებით დავაკომპლექტე. მინდოდა პირველი ქულები სწორედ ქართველ მოთამაშეს აეღო. ცსკასთან მატჩი მომდევნო ასპარეზობებისთვის უკეთ მოსამზადებლადაც გამოვიყენეთ. ვფიქრობ 3 კვირაში გუნდი მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ ფორმას აკრებს”.

პიერია ჰენრი (ვითას კალათბურთელი): “მადლობელი ვარ უფლის, ამ წვრთნელთან, პარტნიორებთან მუშაობის საშუალება რომ მომცა. ვცდილობ ვითას მეტად გამოვადგე. სიტუაციასთან ადაპტირება არ გამჭირვებია, მხოლოდ საკვები იყო უჩვეულო. ჯერჯერობით თბილისი კარგად ვერ დავათვალიერე, უახლოეს ხანში ამის გამოსწორებას შევეცდები”.

ვითა (თბილისი, საქართველო) – ცსკა (მოსკოვი, რუსეთი) 63:90 (14:26, 16:21, 21:28, 9:18)

ვითა: სასტარტო: მაისურაძე (2 ქულა), ჩლაიძე, ბოქოლიშვილი (5ქ), რევაზაშვილი, შენგელია (2ქ); შემცვლელები: ბითაძე, ბერიშვილი (2ქ, 2 მოხსნა), კარტერი (12ქ, 8მ), ჰენრი (20ქ, 4მ, 7 პასი), ანიკეენკო (11ქ, 5მ), ლიპოვი (3ქ, 5მ, 3პ), ტერნერი (3ქ, 3მ).

მთავარი მწვრთნელი: პაველ გოოგე

ცსკა: სასტარტო: დე კოლო (22ქ, 5მ, 5პ), ფრიძონი (17ქ), ჯეკსონი (10ქ, 2მ), კორობკოვი (6ქ), ვორონცევიჩი (9ქ, 5მ); შემცვლელები: ასტაპკოვიჩი (4ქ), დმიტრი კულაგინი (2ქ, 3მ, 3პ), ნიკოლზი (9ქ, 3მ), ლაზარევი (4ქ, 3მ), მიხაილ კულაგინი (3პ), გურბანოვი (5ქ, 5მ, 2პ), ჰაინზი (5ქ, 5მ).

მთავარი მწვრთნელი: დიმიტრიოს იტუდისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134555