ალბანეთი-სერბეთის ევროშესარჩევი მატჩისთვის ალბანეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.
ალბანური Sportekspres-ის ცნობით, სტადიონის შემოგარენში წესრიგის დაცვაზე დამატებით 2000 პოლიციელი იზრუნებს, პროცესში ჩართული იქნება ვერტმფრენებიც. აკრძალულია სტადიონის სიახლოვეს მდებარე შენობების აივნებზე გასვლა. მატჩის წინ კი სრულად გადაიკეტება ის ტერიტორია, სადაც სერბი ფეხბურთელების ავტობუსი უნდა გადაადგილდეს. გარდა ამისა, ტრიბუნებზე შესვლის დროს გულშემატკივრებს ჩამოართმევენ ნებისმიერ ნივთს, რომლის მოედანზე სროლაც შესაძლებელია, მათ შორის მონეტებსაც.
უსაფრთხოების ზომების სიმკაცრის მიუხედავად, ალბანელმა ქომაგებმა გუშინ ქვები დაუშინეს ავტობუსს, რომელსაც სერბი ფეხბურთელები სასტუმროსკენ მიჰყავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ევრო 2016-ის მიმდინარე შესარჩევ ტურნირში ამ გუნდების პირველი შეხვედრა ჩაიშალა. ბელგრადში სტადიონზე უპილოტო საფრენი ობიექტით ალბანელმა ნაციონალისტებმა დროშა შეიტანეს, რასაც მოედანზე ჩხუბი მოჰყვა და თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მომხდარის გამო ალბანეთის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, ხოლო სერბებს სამი ქულა ჩამოაკლეს, თუმცა მოგვიანებით ალბანელებმა ამ განაჩენის გადახედვას მიაღწიეს და გამარჯვება მათ ჩაეთვალათ.
ალბანეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი “ელბასან არენაზე” დღეს გაიმართება. ალბანელები 6 მატჩში მოპოვებული 11 ქულით I ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფებიან, სერბეთის ნაკრები კი ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.