ფეხბურთი

12:50 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ცხადაძემ ნაკრების 23 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ავარჯიშა.

გიბრალტარისა და გერმანიის ნაკრებებთან დაპირისპირებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბუბა დაუშვილის, ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ლევან მჭედლიძის გამოძახება სურდა, თუმცა ოთხივე მათგანს ტრავმა აქვს და ნაკრებს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარებიან.

ბასაზე დღეს შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:

მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე.

მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, საბა კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, გიორგი ფოფხაძე.

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა ძალამიძე.

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ბაჩანა ცხადაძე.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ბასაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი შეხვდა.

სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ. მისი თქმით, გიბრალტარისადა გერმანიის ნაკრებებთან დაპირისპირებაში დაუშვილის, ყენიას, ანანიძისა და მჭედლიძის არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება. ცხადაძემ ასევე გიორგი ჭანტურიას შესახებ ისაუბრა და მას “დუისბურგში” წარმატებული დებიუტი მიულოცა.

- რა გათვლას აკეთებთ მომავალ ორ მატჩში გიბრალტარისა და გერმანიის ნაკრებებთან?

- გიბრალტარის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის სერიოზულად ვემზადებით და მეტოქეს პატივისცემით ვუდგებით. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ბოლო საშინაო მატჩს ვატარებთ და მსოფლიო ჩემპიონებთან დაპირისპირებამდე მაქსიმალურად კარგი და საბრძოლო განწყობა უნდა შევიქმნათ. მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს, რადგან სრულად მხოლოდ დღეს შევიკრიბეთ, ზეგ კი უკვე თამაშია. აქედან გამომდინარე შეიძლება ხვალ ორჯერადი ვარჯიში დავგეგმოთ.

- რამდენად მოახერხეთ ამ მატჩებისთვის ოპტიმალური შემადგებლობის შეკრება?

- ფაქტია, რომ შემადგენლობა ოპტიმალური არ არის, რადგან ტრავმების გამო ოთხი ფეხბურთელი, დაუშვილი, ანანიძე, ყენია და მჭედლიძე დაგვაკლდება. ეს ჩვენთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა ამ ფეხბურთელების გარდა მაქსიმალურად შევკრიბეთ ყველა ის მოთამაშე, ვინც მოიაზრება ნაკრების შემადგებლობაში. ასევე სასიხარულოა, რომ თამაში დაიწყო და თავის ახალ კლუბში დებიუტი გოლით აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ. გიორგის წარმატებულ დებიუტს ვულოცავ, რა თქმა უნდა ის ძალიან მალე დაუბრუნდება ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი “დინამო არენაზე” 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება, გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს. შეხვედრა “რედ ბულ არენაზე”, თბილისის დროით, სტარტს 22.45 საათზე აიღებს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118508