ფეხბურთი

8:38 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი მწვრთნელობას, ჩავი “ბარსელონას” დაუბრუნდება

“იუვენტუსის”, “მილანის”, “ჩელსის”, “რეალის”, პსჟ-ს ყოფილ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის Aspire «Inspiring Leader» პრემია მიანიჭეს და იტალიელ სპეციალისტს პრიზი “ბარსელონას” ექსფეხბურთელმა ჩავიმ გადასცა. აპენინელი სპორტულ ინდუსტრიაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და კარიერის განმავლობაში სხვა ადამიანებზე მოხდენილი დადებითი ზეგავლენის გამო გამოარჩიეს. პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ლონდონში ჩატარდა. გადაწყდა, რომ ეს პრემია ყოველწლიური გახდება.

“ჩემთვის დიდად სასიხარულოა ესოდენ პრესტიჟულ პრემიას ასეთი ბრწყინვალე ადამიანისგან რომ ვიღებ. ჩავის საფეხბურთო კარიერით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და სწორედ მას ვთვლი მისაბაძ ადამიანად და სპორტსმენად”, - განაცხადა ანჩელოტიმ და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებაზეც ისაუბრა: “ჯერჯერობით ვისვენებ, სადამრიგებლო საქმიანობას კი მომავალი სეზონიდან გავაგრძელებ. ძალას მოვიკრებ და შემდეგი ზაფხულიდან საყვარელ საქმეს კვლავ შევუდგები”.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები ჩავისაც გაესაუბრნენ: “ანჩელოტის ყველა ის ლიგა აქვს მოგებული, რომელშიც უმუშავია. სინიორ კარლო მართლაც ყველასთვის მისაბაძი პიროვნებაა. მას დიდ პატივს ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები, გულშემატკივრები სცემენ”.

ყატარის “ალ სადის” ამჟამინდელმა წევრმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება: “ფეხბურთის თამაში კვლავინდებურად მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. ყატარში სამწვრთნელო აკადემიაში დავდივარ. დიდი გულისყურით ვადევნებ თვალყურს ესპანურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს. აუცილებლად დავბრუნდები “ბარსელონაში”. საკუთარ თავს ამგვარ ამოცანას ვუსახავ”.

0.125796