მოსკოვში დასრულებულ “გომელსკის თასზე”, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ბოლო მე-4 ადგილი დაიკავა, ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ყაზანის “უნიკსთან” დღევანდელ მატჩზე კაპიტნის სამკლავურით გუნდი ქართველმა კალათბურთელმა გაიყვანა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბასკური კლუბი ოვერტაიმში 86:90 დამარცხდა, შენგელიამ კი 24:05 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი დარიუს ადამსი გახლდათ, რომელმაც 32:01 წუთში 30 ქულა ჩააგდო.
ამით, შენგელიას კლუბმა წინასასეზონო მატჩები დაასრულა, ქვეყნის ჩემპიონატში კი 11 ოქტომბერს ჩაებმება, როდესაც მადრიდში “ესტუდიანტესს” ესტუმრება. წინა დღით გიორგი შერმადინის “ანდორა” “ბილბაო ბასკეტს” უმასპინძლებს.