დღეს, 11:00 საათზე სასტურო "ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXIV საარჩევნო ყრილობა გაიმართება. საარჩევნო ყრილობის დელეგატები ამ წუთებში იკრიბებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სასტუმროში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი - რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი.
როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა, იმისთვის, რომ ყრილობა შედგეს, საჭიროა ქვორუმის არსებობა, ანუ აუცილებელია, დელეგატთა რაოდენობა შეადგენდეს 50%+1-ს.
დიმტირი ბოკერიას თქმით, წესდება არ ითვალისწინებს, რომ რომელიმე დელეგატის არყოფნის გამო არჩევნები არ შედგეს.
ამასთან, ამ დრომდე დაკავებულია ერთ-ერთი დელეგატიო გეგა გობეჯიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, დღევანდელ ყრილობას ვერ დაესწრება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
interpressnews.ge