ევროთასები

10:07 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტო: “მესის ტრავმა მწყინს”

ლევერკუზენის “ბაიერი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის ჩასატარებლად ბარსელონას “კამპ ნოუს” ლიდერის რანგში ეწვევა. სასტარტო ტურში კატალონელები იტალიის დედაქალაქში “რომას” 1:1 დაუზავდნენ, “ფარმაცევტებმა” კი შინ ბელარუსის ბატეს კუდით ქვა ასროლინეს – 4:1.

“ბარსელონასა” და “ბაიერის” ბოლო დაპირისპირებისას გერმანელები კატალონელთა არგენტინელთა ვარსკვლავმა აიკლო, 29 სექტემბერს კი “ბლაუგრანას” მის გარეშე მოუწევს თამაში. მესიმ ესპანეთის პრიმერას ბოლო ტურში კუნძულელთა “ლას პალმასთან” მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და მწვანე მინდორს კარგა ხნით დაშორდა.

მომავალი დაპირისპირების წინ Marca-ის კორესპონდენტი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილ ფორვარდს, ამჟამად ლევერკუზენელთა მექსიკელ წევრს ხავიერ ერნანდესს გაესაუბრა და ჩიჩარიტომაც რეპორტიორის ინტერესი დააკმაყოფილა: “ლეოს ტრავმა ნამდვილად მწყინს. ფეხბურთელები სოლიდარულები უნდა ვიყოთ და ერთურთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. გაიზრდება თუ არა ჩვენი შანსი მესის არყოფნის პირობებში, ძნელი სათქმელია და უმჯობესია, ამაზე მწვრთნელებმა გიპასუხონ. “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამით ლამის ყველაფერია ნათქვამი. პირადად მე რაც შემეხება, დამრიგებლის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად და საბრძოლველად მზად ვარ”.

0.120619