მერსისაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი “ნიჩაბზე რომაა შეგდებული” და ენფილდელების დამრიგებლის პოსტზე მუშაობის დიდი დრო არ უწერია, ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის. კლუბის ხელმძღვანელები ახალი მესაჭის შერჩევაზე ზრუნავენ და როგორც Daily Mail იუწყება, მოლაპარაკებას დორტმუნდის “ბორუსიას” ექსმწვრთნელ იურგენ კლოპთან განაგრძობენ.
ამავე გამოცემის მტკიცებით, კლოპი “ენფილდ როუდზე” სამუშაოდ ჩასვლაზე მზადაა, თუკი მის 2 პირობას დააკმაყოფილებენ. გერმანელი სპეციალისტის მოთხოვნით ძირეულად უნდა შეიცვალოს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა. კლოპის აზრით, გადამწყვეტი მთავარი მწვრთნელის პოზიცია და სიტყვა უნდა იყოს და არა კლუბის სატრანსფერო კომიტეტის. ამასთან, ჰერ იურგენი “ლივერპულის” დამრიგებლობას იმ შემთხვევაში დაყაბულდება, თუ მას მხარს კლუბის მმართველი ორგანოს მთელი შემადგენლობა დაუჭერს მხარს და არამხოლოდ საკვანძო ფიგურები.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ლივერპულს” 7 ტურის შემდეგ 11 ქულით მერვე პოზიცია უკავია. იურგენ კლოპს რაც შეეხება, 2001-08 წლებში “მაინცს” დამრიგებლობდა, 2008-15 წლებში კი დორტმუნდელებს ედგა სათავეში. კლოპმა “ბორუსია” ორჯერ გერმანიის ჩემპიონი გახადა, ქვეყნის თასიც მოაგებინა, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში (გადამწყვეტი პაექრობა მიუნხენის “ბაიერნთან” 1:2 დათმო) გაიყვანა.