ფეხბურთი

9:31 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის პირველი გოლი “მილანში” დაბრუნების შემდეგ

“მილანმა” იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოიგო. წინა ტურში “როსონერიმ” საკუთარ “სან სიროზე” სამხრეთელთა “პალერმოს” სძლია, შემდეგ კი გასვლაზე “ფრიულიზე” იქაური “უდინეზე” დაამარცხა. უდინელთა წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში მარიო ბალოტელიმ გახსნა, რითაც “მილანში” დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა.

“შესვენებამდე ლამის ყველაფერი გამოგვდიოდა, რასაც ტაბლოზე ჩვენ სასარგებლოდ გამოსახული ანგარიში, 3:0 მეტყველებს. გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ მატჩი 90 წუთი გრძელდება და ყურადღების მოდუნება არ შეიძლებოდა. მეორე ტაიმის დასაწყისში 2 ბურთი გავუშვით და ფეხბურთელები გარკვეულწილად პანიკამ მოიცვა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბალოტელიმ. მარიო მწვავედ უტევდა ფრიულთა კარს და გვიჩვენა, ძველ დონეს რომ უბრუნდება. ამასთან, ბალოტელის მთელი მატჩის მსვლელობისას ფეხებში უმოწყალოდ ურტყამდნენ, მაგრამ მან მოთმინება გამოიჩინა და უხეშობისთვის არ უპასუხია”, - მილანელთა სერბი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი Mediaset Premium-ის კორესპონდენტს კმაყოფილი ესაუბრებოდა.

ამავე ვებგვერდს ნამატჩევს მარიო ბალოტელიც გაესაუბრა: “საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გუნდზე ვმუშაობდი. რთული მატჩი იყო. ვიცოდი, “უდინეზეს” ფეხბურთელები პროვოკაციებს რომ მომიწყობდნენ, მე კი ჩემ საქმეს ვაკეთებდი, ბურთს ვინარჩუნებდი და უხეშობას კარგი თამაშით ვუპასუხე. ბოლო ხანს როგორც საფეხბურთო მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ უფრო დისციპლინირებული გავხდი”.

0.151908